სიმეონეს ცუდი სტატისტიკა ბარსასთან | ატლეტიკოს წაუგებელი სერია დასრულდა
ლა ლიგის 29-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს „ატლეტიკო“ და „ბარსელონა“ დაუპირისპირდნენ. მადრიდელები მასპინძლის რანგში იყვნენ, მაგრამ „ბლაუგრანას“ წინააღმდეგ ვერაფერი გააწყვეს და 0:3 დამარცხდნენ.
მადრიდელთა თავკაცის პოსტზე, დიეგო სიმეონე, ჩემპიონატის ეგიდით, „ბარსელონას“ 25-ჯერ შეხვდა და მეტოქე მხოლოდ 2-ჯერ დაამარცხა. პოტენციური 75 ქულიდან, არგენტინელი სპეციალისტის გუნდმა მხოლოდ 13 აიღო. „ბარსამ“ „როხიბლანკოს“ ზედიზედ მეხუთედ მოუგო და ბოლო 5-დან 4-ში ნულზე იმარჯვა.
„ატლეტიკო“ ლა ლიგის ეგიდით, მიმდინარე სეზონში საკუთარ კედლებში პირველად დამარცხდა. მადრიდელებს, საშინაო არენაზე, 25-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდათ, რომელიც 2023 წლის იანვარში დაიწყო. მაშინ „როხიბლანკომ“ „ბარსელონასთან“, 0:1 წააგო.
„ბარსელონას“ რიგებში გოლები ჟოაუ ფელიქსმა, რობერტ ლევანდოვსკიმ და ფერმინ ლოპესმა გაიტანეს. „ატლეტიკოსთან“ აღებული 3 ქულით, „ბარსამ“ 64 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე იმყოფება. „ბლაუგრანა“ ლიდერ „რეალს“ 8 ქულით ჩამორჩება.