„შესანიშნავი მეკარეა“ | ვალენსიას ფეხბურთელმა მამარდაშვილი შეაქო
ესპანეთის ლა ლიგის 29-ე ტურში, „ვალენსია“ „ვილიარეალს“ დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა. „ღამურების“ ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა საოცარი მატჩი ჩაატარა და შეხვედრის შემდეგ, მასზე „ჩეს“ ნახევარმცველმა, პეპელუმ ისაუბრა.
„გიორგი მამარდაშვილი შესანიშნავი მეკარეა. ის ამას ყოველ ჯერზე აჩვენებს და გვყავს საიმედო გოლკიპერი, რომელსაც გუნდისთვის ქულების მოტანა შეუძლია. მის გამო ძალიან ბედნიერი ვარ და შეხვედრის შემდეგ, მივულოცე კიდეც. იმედი მაქვს, ასე გააგრძელებს, ჩვენ კი გოლები უნდა გავიტანოთ, რათა მისი თამაში უფრო თვალშისაცემი გახდეს“.
ცნობისთვის, „ვილიარეალის“ წინააღმდეგ მამარდაშვილმა ბრწყინვალედ იასპარეზა. „ღამურების“ გოლკიპერმა თერთმეტმეტრიანი მოიგერია, 6 სეივი ჰქონდა და მარცხის მიუხედავად, შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
რუბენ ბარახას გუნდი 29 ტურის შემდეგ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 40 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება. „ვალენსია“ მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, 30 მარტს საკუთარ მოედანზე „მალიორკასთან“ გამართავს.