გოგა პარკეტზე მატჩის ბოლოს შევიდა | ორლანდოს მე-40 გამარჯვება
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ზედიზედ მე-3 შეხვედრა მოიგო და NBA-ის მიმდინარე რეგულარულ სეზონში, მე-40 გამარჯვება იზეიმა. ქართველი კალათბურთელის გუნდი საკუთარ კედლებში „ტორონტო რეპტორსს“ დაუპირისპირდა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა - 111:96.
„ორლანდომ“ პირველი მეოთხედი 2 ქულით, მეორე პერიოდი კი 3 ქულით მოიგო. „მეჯიქმა“ გადამწყვეტი უპირატესობა მესამე მეოთხედში მოიპოვა, რომელშიც 35:26 იმარჯვა და „ტორონტოს“ თამაშში დაბრუნების საშუალება აღარ მისცა.
გოგამ მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და პარკეტზე შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთითა და 44 წამით ადრე გამოჩნდა. ბითაძეს მეტოქის ფარისთვის არ შეუტევია და მხოლოდ 1 მოხსნა ჰქონდა. მის გუნდში საუკეთესო პაოლო ბანკერო იყო - 29 ქულა, 6 მოხსნა, 5 ასისტი. ფრანც ვაგნერმა 22 ქულა ჩააგდო, მორიტც ვაგნერმა - 14. „ტორონტოს“ მხრიდან 18 ქულით ჯორდან ნვორა გამოირჩა, გარი ტრენტ ჯუნიორს 15 ქულა ჰქონდა.
ამრიგად, „ორლანდოს“ 40 მოგება და 28 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 გახლავთ. „მეჯიქი“ მესამეადგილოსან „კლივლენდს“ 2 მოგებით, ხოლო მეორე პოზიციაზე მყოფ „მილუოკის“ 4 მოგებით ჩამორჩება. გოგას გუნდი მომდევნო შეხვედრას 20 მარტს გამართავს და საკუთარ კედლებში „შარლოტ ჰორნეთსს“ დაუპირისპირდება.