ვილიარეალი, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მატჩის MVP, მოგერიებული პენალტი და 6 სეივი! - მამარდამ ვალენსიას მაინც ვერ უშველა

ესპანეთის ლა ლიგის მორიგ ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ სტუმრად „ვილიარეალს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 1:0 დამარცხდა.

გიორგი მამარდაშვილი ტრადიციულად „ღამურების“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. ამ დროის განმავლობაში ქართველი მეკარე ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო და იმის მიუხედავად, რომ მისი გუნდი დამარცხდა, მამარდა მაინც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. 23 წლის მეკარემ 6 ბურთი მოიგერია, მათ შორის ერთ-ერთი კი 39-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი იყო.

შეხვედრის სტარტზე, მე-13 წუთზე ქართველმა ერთ ეპიზოდში სამმაგი სეივი შემოგვთავაზა და საკუთარი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.

შემდეგ იყო პენალტის ეპიზოდი, როდესაც მამარდაშვილმა ალექს ბაენას არ მისცა პენალტიდან გატანის უფლება. ქართველის ესპანურ კარიერაში ეს მეორე მოგერიებული თერთმეტმეტრიანი იყო.

მეორე ნახევარში 53-ე წუთზე მამარდა კიდევ ერთხელ ჩაერთო თამაშში და კიდევ ერთხელ გამოავლინა ბრწყინვალე რეაქცია. ქართველმა მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია, თუმცა, სამწუხაროდ სტანდარტული სიტუაციიდან ჩაწოდებული ბურთი მაინც გაუშვა. უნდა აღინიშნოს, რომ ეპიზოდში მამარდამ კიდევ ერთი სეივი შეასრულა, თუმცა, დამატებაზე ვილიარეალის ფეხბურთელებმა იყოჩაღეს.

მე-80 წუთზე გიორგი მამარდაშვილმა კიდევ ერთი სეივი შეასრულა და ამჯერად ხერარდ მორენოს არ მისცა გოლის გატანის შესაძლებლობა.

საბოლოოდ, „ვილიარეალის“ გოლზე „ვალენსიამ“ ვეღარ უპასუხა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა. რუბენ ბარახას გუნდი 29 ტურის შემდეგ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 40 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება და მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, 30 მარტს საკუთარ მოედანზე „მალიორკასთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მარადონას საკუთარ თავს ვერ შევადარებ“ - კვარაცხელია ზიდანსა და დიეგოზე საუბრობს
„მარადონას საკუთარ თავს ვერ შევადარებ“ - კვარაცხელია ზიდანსა და დიეგოზე საუბრობს