დუბლი და საგოლე პასი - ბუდუმ სუპერმატჩით ქართული რეკორდი გაიმეორა
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 26-ე ტურში „კარლსრუემ’’ შინ „მაგდებურგი’’ 7:0 გაანადგურა. „კარლსრუეს’’ ქართველმა ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ დუბლი შეასრულა, მე-13 წუთზე მისი პირველი გოლით ანგარიში 2:0 გახდა, 25-ე წუთზე მეორე ბურთი შეაგდო - 3:0. ორივე გოლისას შემტევებმა პრესინგზე კარგად ითამაშეს, ორთაბრძოლები მოიგეს და შემდეგ რეალური სახიფათო მომენტი შექმნეს.
მე-40 წუთზე ზივზივაძემ ქუსლით შესანიშნავი საგოლე პასი შეასრულა, ნებელის გოლით ანგარიში 4:0 გახდა.
65-ე წუთზე ქართველი თავდამსხმელი შეცვალეს.
26 ტურში „კარლსრუემ’’ 38 ქულა დააგროვა, მე-7 ადგილზეა და საუკეთესო სამეულს მხოლოდ 6 ქულით ჩამორჩება.
ქართველების გოლები მეორე ბუნდესლიგაში
2002-03 წლების სეზონში ლევან კობიაშვილმა „ფრაიბურგის’’ რიგებში მეორე ბუნდესლიგის 28 მატჩში 10 გოლი შეაგდო. ანალოგიური შედეგი დააფიქსირა ალექსანდრე იაშვილმა 2006-07 წლების სეზონში, როცა 32 მატჩში მის აქტივში 10 გოლი იყო. მეორე ბუნდესლიგაში ქართული რეკორდი ზივზივაძემ გაიმეორა, 24 შეხვედრაში 10 გოლი შეაგდო. 30 წლის ფოვარდმა 10-დან 4 გოლი ცვლილებაზე გამოსვლის შემდეგ შეაგდო. ასევე, ბუდუს აქტივში 2 დუბლია. მე-14 ტურში „ნიურნბერგთან'' ცვლილებაზე გამოვიდა და გუნდს დუბლით დაეხმარა.
ნაკრების შეკრება
ამ თამაშის შემდეგ ზივზივაძე საქართველოში გაემგზავრება და ლუქსემბურგთან უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის მოემზადება. საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფლეი-ოფისთვის მზადებას 18 მარტს დაიწყებს. ნახევარფინალი საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის 21 მარტს, 21:00 საათზე დაიწყება.