თანამედროვე ფეხბურთი, რომ ძალიან შეცვლილია ალბათ უმეტესი თქვენგანი არ შემეკამათება. პირადად ჩემთვის, გარკვეული დეტალების გამო ფეხბურთმა რომანტიზმი დაკარგა.
დღევანდელ სტატიაში პოზიცია „ათიანის“ გაქრობაზე ვისაუბრებ..
მრავალი ათწლეულის განმავლობაში, 10 ნომერი ფეხბურთში ყველაზე გამორჩეული პოზიცია იყო - ფლეიმეიკერი ანუ „ტრეკვარტისტა“(ფეხბურთელი, რომელიც უფრო მეტად თავდამსხმელის უკან თამაშობს), როგორც ამას იტალიელები უწოდებდნენ.
„ტრეკვარტისტას“ 3-5-2 ან 3-4-1-2 სქემაში იყენებენ და ამის ნათელი მაგალითი პაულო დიბალას ტურინული კარიერაა. მასიმილიანო ალეგრი მას აღნიშნულ პოზიციაზე იდეალურად იყენებდა. 2015/2016 წლების სეზონში, არგენტინელმა ფეხბურთელმა სერია ა-ში 19 გოლი გაიტანა, 9 საგოლე გადაცემა შეასრულა და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ გონსალო იგუაინს ჩამორჩა.
პაულომ საკმაოდ მალე მოიხვეჭა სახელი და მას უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. 2017 წელს ალეგრიმ არგენტინელზე თქვა:
„დიბალა საგრძნობლად იხვეწება და ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ რონალდუს, მესის და ნეიმარის შემდეგ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს.“
როდესაც პაულოს „იუვენტუსში“ დარჩენის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ალეგრიმ ჟურნალისტებს უთხრა:
„ფეხბურთში ბევრი რამ არის გაურკვეველი. დიბალას წასვლა და მისი თვისებების ეჭვქვეშ დაყენება არ შეიძლება.“
სწორედ 10-ნომრიანი მაისურის მქონე ბიჭები წარმართავდნენ თავიანთი გუნდის შემტევ თამაშს. ისინი უპირობოდ შეუცვლელები, ტექნიკურები და ნიჭიერები იყვნენ..
თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო ისინი თანამედროვე ფეხბურთში ძალიან ცოტანი დარჩნენ..
ნომერი 10 გუნდის მთავარი ფლეიმეიკერი(გამთამაშებელი) იყო, რომელიც ნახევარდაცვაში თავისუფალ როლში მოქმედებდა და თავდამსხმელების მთავარი იმედი იყო.. ისინი თავიანთი შესანიშნავი ხედვის, კონტროლისა და პასების დიაპაზონის გამოყენებით გუნდის შეტევებს ხელმძღვანელობდნენ..
იმ უმცროსი თაობისთვის, რომლებსაც პირდაპირ ეთერში ან თუნდაც სტადიონიდან არ უნახავთ ზინედინ ზიდანის, მარადონას, ფრანჩესკო ტოტის, კაკას, სნეიდერის, რიკელმეს, ბერგკამპის, ზიკოს და სხვა ფეხბურთელების თამაში, გირჩევთ, რომ ამ სტატიის კითხვის დასრულების შემდეგ, აუცილებლად ნახოთ Youtube-ზე..
პირადად მე 10 ნომერზე ერთ-ერთი პირველი ფრანჩესკო ტოტი მახსენდება. რომში დაბადებული „ფანტაზისტა“, რომელმაც კარიერა „ჯალოროსის“ მიუძღვნა. ტოტი ზუსტად იმ რომანტიული ფეხბურთის უდიდესი ნაწილია, რომელზეც მე გესაუბრებით. მოედნის ხედვა, გამოუვალი მდგომარეობიდან იდეალური პასის მიცემის უნარი, დარტყმის სიმძლავრე და ქარიზმა - დიახ, ეს ფრანჩესკო ტოტია!!
კიდევ ერთმა დიდმა ათიანმა მიშელ პლატინიმ იტალიელის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა და როდესაც ფრანჩესკო კარიერას ასრულებდა, შემდეგი რამ განაცხადა:
„ტოტი ფეხბურთის უკვდავი სიმბოლოა. ერთადერთი, რასაც ვნანობ არის ის, რომ მასთან ერთად ვერ ვიმუშავე..“
გერმანელების და იტალიელების ურთიერთობა ფეხბურთში სახარბიელო არასდროს ყოფილა. იშვიათად თუ გაგახსენდებათ მიუნხენის „ბაიერნში“ მოთამაშე იტალიელი.. ფრანც ბეკენბაუერს კი თავის გუნდში მისი ხილვა სურდა:
„იტალიაში არაერთი ვარსკვლავი თამაშობს, მაგრამ ერთადერთი, ვისაც „ბაიერნში“ გადავიყვანდი ეს ფრანჩესკო ტოტია. მას კარგად ვიცნობ და ვფიქრობ, ოქროს ბურთი დაიმსახურა. ტოტი თავისი უნარებით, „ბაიერნს“ იდეალურად მოერგებოდა.“
რატომ გახდა 10 ნომერი არარელევანტური?
ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ტაქტიკური ევოლუციაა. დღეს, წამყვანი გუნდების უმეტესობა 4-3-3 სისტემით თამაშობს, სადაც კლასიკური 10 ნომერი აღარ არსებობს, მაგრამ სამაგიეროდ, ნახევარდაცვა 4-3-3 ტაქტიკით თითქოს ცრუ და დინამიკურ გამთამაშებლებს იღებს..
ჩვეულებისამებრ ნახევარდაცვაში მარჯვენა და მარცხენა მხარეს ორი ფეხბურთელი დგება, ხოლო მესამე მათზე უკან დაწეული, რომელიც დაცვით ფუნქციებს ასრულებს. ადრე კი პირიქით იყო. ერთი გამორჩეული ნახევარმცველი ხშირ შემთხვევაში უფრო შემტევი სტილის იყო, ვიდრე დაცვითი..
ეს ტაქტიკა 2017 წელს მადრიდის „რეალმა“ ლა ლიგის 38 შეხვედრიდან 25-ჯერ გამოიყენა და ქვეყნის ჩემპიონი გახდა..
თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი მიუნხენის „ბაიერნია“, რომელიც ძველ სტილზეა მორგებული და კლასიკური „ათიანის“ პოზიციაზე ტომას მიულერს იყენებს. 2019/2020 წლების სეზონში, ტომასმა ასისტების რეკორდი დაამყარა და თანაგუნდელებს ბუნდესლიგაში 21-ჯერ გაატანინა..
მიულერის ეს სტატისტიკა იყო, თუ არა იმის მანიშნებელი, რომ თანამედროვე ფეხბურთში ისევ საჭიროა კლასიკური 10 ნომერი? ვინ იცის.. ამაზე პასუხი არ არსებობს, რადგან, როგორც უკვე მოგახსენეთ „ბაიერნი“ ის უიშვიათესი შემთხვევაა ევროპული გრანდებიდან, რომელიც ამ ტაქტიკას მიმართავს..
ადაპტაცია
ბევრ ფეხბურთელს მოუწია თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტირება და მორგება. მაგალითად კევინ დე ბრუინი და დავიდ სილვა..
პეპ გუარდიოლას ხელმძღვანელობით ისინი უფრო ტიპურ ცენტრალურ ნახევარმცველებად ჩამოყალიბდნენ და განვითარდნენ.. ბელგიელი ფეხბურთელი თანამედროვე ფეხბურთში ალბათ ყველაზე მეტ საგოლე გადაცემას აკეთებს, მაგრამ ამის პარალელურად ის დაცვით ფუნქციებსაც ირგებს.
რა მაძლევს ამის თქმის საშუალებას? არსებული სტატისტიკა. მაგალითად , დე ბრუინმა 2021/2022 წლების სეზონში მოწინააღმდეგეებს ბურთი 240-ჯერ აართვა და ეს შემტევი ტიპის ნახევარმცველისთვის დიდებული შედეგია.. საშუალოდ, თუ ვიმსჯელებთ კევინი თითო მატჩში 6 ართმევას აკეთებდა.. ბელგიელმა ჰიბრიდული ნახევარმცველის როლი მოირგო.
იგივე სიტუაცია იყო მოდრიჩის, კროოსის და ისკოს შემთხვევაში. ხორვატმა და გერმანელმა ნახევარმცველებმა ადაპტაცია შეძლეს, მაგრამ ისკო? ალარკონი „სამეფო კლუბში“ ჩაიკარგა..
გავიხსენოთ მესუთ იოზილი და ხამეს როდრიგესი. თავიანთი დროის გამორჩეული ტალანტები და კლასიკური „ათიანები“..
ალბათ ბევრს ახსოვს თურქული ფესვების მქონე გერმანელის მაგიური საგოლე გადაცემები, რომლებსაც ხშირად კრიშტიანუ რონალდუ იყენებდა.. რატომ ფასობდა მესუთი „ბლანკოსში“?! იმიტომ, რომ ჟოზე მოურინიო „ათიანის“ მიმდევარი მწვრთნელი იყო და მას თავის პოზიციაზე ათამაშებდა.
მაგალითად, 2010/2011 წლების სეზონში, მესუთმა ყველა ტურნირზე ერთად 31 საგოლე გადაცემა შეასრულა, რაც ლეო მესის შედეგზე 2-ით უკეთესია. 2012/2013 წლებში კი იოზილმა საგოლე გადაცემების რაოდენობით არგენტინელი სუპერვარსკვლავი მნიშვნელოვნად დაჩრდილა. მან ლა ლიგაში თანაგუნდელებს 16-ჯერ გაატანინა, ხოლო ლეომ 13-ჯერ. ყველა ტურნირზე ერთად კი „ბლანკოსის“ ნახევარმცველის ანგარიშზე 25 შედეგიანი გადაცემა იყო, ხოლო მესი ჯამში 17-ს დასჯერდა.
პორტუგალიელი სპეციალისტის კარიერაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრანსფერი უესლი სნეიდერია, რომელმაც „ათიანის“ პოზიციიდან დიეგო მილიტოსთან იდეალური ბალანსი იპოვა და 2009/2010 წლებში ტრიპლეტი მოიგო.
აღნიშნულ სეზონში, ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე ერთად „ინტერის“ შემადგენლობაში 41 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა. 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ესპანეთთან ფინალში დამარცხდა.
ბევრი თვლიდა, რომ უესლის ოქროს ბურთი უნდა მოეგო, მაგრამ ასე არ მოხდა. აღნიშნულ ჯილდოს ლეო მესი დაესაკუთრა, რაზეც მოგვიანებით მოურინიომ კომენტარი გააკეთა:
„ვერ ვიტყვი და ზოგადად არ მიყვარს იმის თქმა, რომ ვინმემ ვინმეს რამე მოჰპარა. მესიმ ოქროს ბურთი დამსახურებულად მოიგო, თუმცა უესლი სნეიდერმა ტრიპლეტი შეასრულა და სამეულში ყოფნას აუცილებლად იმსახურებდა. უესლის გამარჯვების შემთხვევაში ვერ ვიტყოდი, რომ დაუმსახურებელი იქნებოდა.“
და მაინც?! რა გახდა იმის მიზეზი, რომ იოზილის და ხამესისნაირი ფეხბურთელები დღეს აღარ ფასობენ?
თანამედროვე ფეხბურთში უპირატესობა ფიზიკურ მომზადებას და სიმძლავრეს ენიჭება. რატომ არის ფედე ვალვერდე „რეალისთვის“ შეუცვლელი? მას ყველა ის თვისება აქვს, რომელიც დღეს ფასობს.. სისწრაფე, გამძლეობა, ფიზიკური მომზადება და რაც მთავარია უნივერსალურობა. კარლო ანჩელოტი მას არაერთ პოზიციაზე იყენებს..
ასეთი ტიპის ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში ფიზიკურად სუსტი მოთამაშეებისთვის ძალიან რთული გახდა.. დღეს ფეხბურთი მაღალ ტემპთან არის დაკავშირებული. ფეხბურთელები წინ და უკან შეუსვენებლად დარბიან და მაგალითად ხამეს როდრიგესი, რომელსაც დაცვითი ფუნქციების შესრულება და ფლანგზე სირბილი არ შეუძლია ფასდაკარგულია.. დღეს მხოლოდ კარგი ტექნიკა, ხედვა და პასის კულტურა საკმარისი აღარ არის..
შეიძლება გაგიკვირდეთ, რომ ამ ორ ფეხბურთელს გამოვყოფ, თუმცა ისინი ბოლო წლების ერთ-ერთი უკანასკნელი „ათიანები“ არიან.. თანაც ორივემ „რეალში“ ითამაშა და საბოლოოდ დიდ წარმატებას ვერ მიაღწიეს..
ყველაზე მეტად მესუთის წასვლა კრიშტიანუ რონალდუს ეწყინა, რომელმაც ღიად განაცხადა:
„იოზილმა მე მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელი გამხადა. მისი წასვლა ძალიან მეწყინა. მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო პარტნიორი დავკარგე.“
მესუთმა ლონდონური კარიერა ეფექტურად დაიწყო, თუმცა დროის გასვლასთან ერთად პრემიერ ლიგაში კიდევ უფრო დიდი დოზით გაკეთდა აქცენტი ფიზიკურად ძლიერ ფეხბურთელებზე.. უნაი ემერის და მიკელ არტეტას ტაქტიკაში 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ვეღარ ჩაჯდა და საბოლოოდ 2021 წელს იოზილმა „არსენალი“ დატოვა..
თურქული ფესვების მქონე გერმანელზე, ცნობილი სპეციალისტების დახასიათებაც ადასტურებს, თუ როგორი ნიჭიერი იყო ის..
მაგალითად არსენ ვენგერმა თქვა:
„იოზილის გაწვრთნა რთული არასდროს იყო. ის იყო ფეხბურთელი, რომელსაც განსაკუთრებული ხარისხი ჰქონდა.
იგი სხვებისგან განსაკუთრებით კრეატიულობით გამოირჩეოდა და ფეხბურთის თამაშით სიამოვნებას იღებდა"
იოზილი მადრიდის „რეალში“ ჟოზე მოურინიომ მიიყვანა. 1 სეზონის შემდეგ კი პორტუგალიელმა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ასე შეაფასა:
„ის დღეს მსოფლიოში საუკეთესო 10 ნომერია. იოზილი თავისი საფეხბურთო ხედვით და შესაძლებლობებით ძალიან აადვილებს ჩემი და თანაგუნდელების საქმეს. მისი გადაწყვეტილების მიღების უნარი მაღალ IQ-ზე მიუთითებს.“
ხუან რომან რიკელმე - დიდი სახელი, რომელიც „ბარსელონაში“ გადავიდა, თუმცა ლუი ვან გაალს 10 ნომერი არ აინტერესებდა. ყველასთვის ცხადი გახდა, რომ არგენტინელი ნახევარმცველი კატალონიურ გრანდში ვერ ჩაჯდა, რის შემდეგაც „ვილიარეალში“ გადავიდა, სადაც უფრო მეტი სივრცე ჰქონდა, თავისუფლება იპოვა და გამთამაშებლის როლი იდეალურად მოირგო.
გახსოვთ ალბათ იმ ფორმაციის ყვითელი „წყალქვეშა ნავი“ რიკელმესთან ერთად როგორ ფეხბურთს თამაშობდა. მეტიც, „ვილიარეალი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიც გავიდა და ვინ იცის, თავად რიკელმეს, რომ პენალტი გაეტანა შესაძლოა მანუელ პელეგრინის გუნდი ფინალშიც გასულიყო..
ბევრისთვის რიკელმეს ჩავარდნილი კატალონიური კარიერა იმედგაცრუება იყო. მაგალითად, ბარსას ლეგენდარულმა ყოფილმა ფეხბურთელმა ჰრისტო სტოიჩკოვმა ვან გაალი რიკელმეს გამო მწვავედ გააკრიტიკა:
„რატომ ვერ გაამართლა რიკელმემ „ბარსელონაში?“ იმიტომ, რომ მას ვან გაალის მსგავსი უგუნური მწვრთნელი ჰყავდა. ჩემთვის გაუგებარი იყო, თუ რა პოზიციაზე ათამაშებდა მას. რიკელმეს ფანტასტიკური კარიერა ჰქონდა, განსაკუთრებით „ვილიარეალში“, თუმცა ბარსაში პირველი სეზონისგან დიდი სიამოვნება მიიღო.
მისი გოლებით, პასებით, თამაშებით და ცრუ მოძრაობებით სიამოვნებას მეც ვიღებდი, მაგრამ, როცა ადამიანს ყურძნის ვაშლად გადაქცევა სურს, ეს შეუძლებელია.“
4-3-3 ტაქტიკაში მოთამაშე ფეხბურთელი აუცილებელია, რომ დაცვას და შეტევას თანაბრად ეხმარებოდეს. ეს ყველაფერი დიდ მრავალფეროვნებას მოითხოვს.
დღევანდელი ფორმაციის მადრიდის „რეალი“ ამის შესანიშნავი მაგალითია. ედუარდო კამავინგა, ორელიან ჩუამენი, ფედე ვალვერდე.. ეს სამი ფეხბურთელი ერთმანეთს რაღაცით წააგავს..
სწორედ მათნაირმა ფეხბურთელებმა შთანთქეს 10 ნომრის როლი. ისინი დაუღალავად დარბიან წინ და უკან. მათ შესაძლებლობებში პოზიციის ცვლილებაც შედის..
მაგალითად კამავინგა წარმატებით თამაშობს, როგორც საყრდენ ზონაში, ისე დაცვის მარცხენა ფლანგზე. აქვს ბრწყინვალე დრიბლინგი და შემტევებს ნაყოფიერად ეხმარება. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ურუგვაელზე, რომელიც სხვადასხვა დროს საყრდენი ნახევარმცველიც არის, გამთამაშებელიც, მარჯვენა გარემარბიც და იყო მატჩები, როდესაც მარჯვენა მცველის პოზიციაზეც ითამაშა..
დამეთანხმებით ალბათ, რომ ამ ყველაფრის შესრულება ისკოს, ხამეს როდრიგესს ან მესუთ იოზილს გაუჭირდებოდა..
გასულ სეზონში, კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ხუმრობით განაცხადა, რომ თუ ვალვერდე სეზონში 10 გოლს გაიტანდა, ის სამწვრთნელო კარიერას დაასრულებდა. ურუგვაელმა 12 გოლი გაიტანა, მაგრამ, რა თქმა უნდა, „პაპა კარლომ“ კარიერა არ დაასრულა.
ბევრ ტექნიკურად ნიჭიერ ახალგაზრდას, რომლებსაც სურთ, რომ ახალი ზინედინ ზიდანი ან დენის ბერგკამპი გახდნენ, შესაძლოა თანამედროვე საფეხბურთო სტილთან ადაპტაცია გაუჭირდეთ. ეს გარკვეულწილად საგანგაშოც არის, რადგან დღეს ფეხბურთმა ხშირ შემთხვევაში სილამაზე და სილაღე დაკარგა.
გასულ წელს, ერთმანეთს ორი ისეთი ლეგენდა შეხვდა, როგორებიც ზინედინ ზიდანი და ლიონელ მესი არიან. მათ საჯაროდ სწორედ 10 ნომრის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათი სიტყვები კი ზუსტი მაგალითია იმისა, თუ რა ხდება თანამედროვე ფეხბურთში.
მესი:
არგენტინელებისთვის 10 ნომერი განსაკუთრებულია, რადგან როცა ათიანზე ლაპარაკობ, ავტომატურად დიეგო მარადონა გახსენდება და ყველას გვინდოდა, მისნაირი ვყოფილიყავით. დიეგოსნაირი ვერასდროს ვერავინ იქნება, მაგრამ ჩვენი ოცნება და სურვილი იმის გაკეთება იყო, რაც მარადონამ გააკეთა. დიეგო იყო 10 ნომრით მოთამაშე ფეხბურთელი, რომელსაც ვუყურებდი და ვაღმერთებდი.
დღესდღეობით, ათიანი დაკარგულია. ის აღარაა ლიდერი და ხაზების დამაკავშირებელი. ნამდვილი ათიანი ძალიან ცოტაა დარჩენილი. ისინი ცრუ გარემარბებად ან ცენტრალურ ნახევარმცველებად გარდაიქმნენ. რიკელმესა და აიმარის მსგავსი ფეხბურთელები, რომლებიც ხაზების დამაკავშირებლის როლს ირგებდნენ, საერთოდ აღარ არიან“.
ზიდანი:
როცა პატარები ვიყავით, ყველას გვინდოდა, 10-ნომრიანი მაისურით გვეთამაშა, მაგრამ დღესდღეობით ყველაფერი სხვანაირად არის და ათიანი აღარაა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც ადრე იყო. პოზიცია და როლი, რომელიც ათიანს ჰქონდა, გამქრალია და აღარ არსებობს. 4-3-3 ტაქტიკით თუ ითამაშებ, მიხვდები, რომ ათიანი დაკარგულია. ათიანის პოზიციაზე სათამაშოდ მაგიის ქონაა საჭირო. ათიანი გუნდის ლიდერია და ლიდერის მოვალეობა მომენტების შექმნაა. ფეხბურთელები, რომლებიც ათიანზე თამაშობდნენ, ბურთის მიღებამდე ხედავდნენ რისი გაკეთება იყო საჭირო.“
ფეხბურთის გენიოსს იოჰან კრუიფს 10 ნომერთან დაკავშირებით თავისი საინტერესო მოსაზრება ჰქონდა.
კრუიფი:
„შემიძლია 10-ზე მეტი მიზეზი ჩამოგითვალოთ, თუ რატომ არ მუშაობს დღეს 4-3-3 სისტემაში 10 ნომერი. ეს არ გაძლიერებს, პირიქით სუსტს გხდის..
80-იან წლებში, როცა „აიაქსის“ მწვრთნელი ვიყავი, ყველა ჩვენი მეტოქე 4-4-2 სისტემით, ორი თავდამსხმელით თამაშობდა. მე კი დამატებითი ტაქტიკური უპირატესობის მოსაპოვებლად 3-4-3-ზე გადავინაცვლე. ასე ჩემი გუნდის ნახევარდაცვამ უნაკლოება შეიძინა.
რეალურად ჩვენ 3-4-3-ს არ ვთამაშობდით, უფრო 3-1-2-1-3 სისტემა შევქმენით. ორი დამატებითი ხაზი, რამაც პოზიციური თამაშის შესაძლებლობა უფრო გააუმჯობესა. ნომერი 10 იყო მოთამაშე, რომელიც სამი თავდამსხმელის უკან თამაშობდა. „აიაქსში“ ასეთი ჯონ ბოსმანი იყო, მოგვიანებით კი „ბარსელონაში“ ხოსე ბაკერო.
ბალანსის სწორად შესანარჩუნებლად, ცენტრალური ნახევარმცველი მხოლოდ შეტევაში არ უნდა იყოს, ის დაცვასაც უნდა ეხმარებოდეს. ამრიგად ნომერი 10 შეიცვალა ნომერი 6-ით.
გამოკვეთილი „ათიანით“ თქვენ ითამაშებთ 4-2-1-3 ტაქტიკით, ხოლო „ექვსიანით“ 4-1-2-3. ვიზუალურად, რომ წარმოიდგინოთ გაიაზრებთ, რომ 3 თავდამსხმელის უკან ორი 10 ნომერი დგას და ისინი უფრო მეტად შეტევაზე არიან ორიენტირებული, თუმცა ამ ორი „ათიანიდან“ ერთი გამუდმებით იწევს უკან და ბურთი ამოაქვს. იქვე არის „ექვსიანი“, რომელიც დაცვით ფუნქციებს ასრულებს. სწორედ ასე კლავ ორ ჩიტს ერთი გასროლით. ამ სქემით, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში, ყოველთვის გყავს დამატებითი მოთამაშე.
აქედან გამომდინარე, 4-3-3 სისტემაში მხოლოდ ერთი 10 ნომრის გამოყენება მთლიან სისტემას რევს და ზონები თავისუფალი გრჩება..“
არავისთვის არის უცნობი, რომ პეპ გუარდიოლას ინსპირაციის წყარო, სწორედ იოჰანი იყო. მისი „ბარსელონა“ კი ლეგენდარული ნიდერლანდელის სიტყვების დასტურია. ესპანელი მწვრთნელი „ბლაუგრანას“ ფურცელზე 4-3-3 სისტემით ათამაშებდა, მაგრამ რეალურად ეს კრუიფის ნათქვამი 4-1-2-3 იყო.
4 მცველის წინ სერხიო ბუსკეტსი მოქმედებდა, ხოლო იმ ათიანის როლი, რომელზეც კრუიფი საუბრობდა, ჩავი ერნანდესმა მოირგო. ის თანაბრად მუშაობდა, როგორც შეტევაში, ასევე დაცვით ფუნქციებში. უფრო ნათელი, რომ გახდეს გეტყვით, რომ მოძრავი ათიანი, რომელიც ექვსიანი ხდებოდა ჩავი იყო, ხოლო წინ დარჩენილი ათიანი ანდრეს ინიესტა.
ისტორია
ზოგადად, პროფესიონალურ ფეხბურთში მაისურზე ნომრები 1920-იანი წლების ბოლოს შემოვიდა, თუმცა 1954 წლის მსოფლიოს ჩემპიონატამდე ფეხბურთელები ერთი და იგივე ნომრებს ატარებდნენ. სწორედ ამის შემდეგ ჩამოყალიბდა ტრადიციული სისტემა. მეკარე პირველი ნომერი და შემდეგ ნომრები პოზიციების მიხედვით გადანაწილდა. ათწლეულების განმავლობაში, მაისურის გარკვეულმა ნომრებმა კულტურული მნიშვნელობის დონე განავითარეს და დღეს მოვედით სხვადასხვა ციფრებთან, რომლებსაც სხვადასხვა უნარები და პასუხისმგებლობები აქვს. მაგალითად 99% შემთხვევაში 2 ნომერი მცველია, ხოლო 9 თავდამსხმელი..
ალბათ ყველაზე პოპულარული ნომერი 10 გახლავთ, რომელიც ყოველთვის გამორჩეულ ფეხბურთელებს ეცვათ. უშუალოდ ისტორიაზე, რომ გადავიდეთ, „ტრეკვარტისტას“ როლი იტალიაში გამოიგონეს. 10-ნომრიანი მაისურის მქონე ფეხბურთელი ვალდებული იყო მოედნის სამ მეოთხედზე ნახევარდაცვასა და თავდასხმას შორის ემოძრავა. როგორც უკვე მოგახსენეთ, თანამედროვე ფეხბურთში ამ როლს მიუნხენის „ბაიერნი“ იყენებს და თვალსაჩინო მაგალითი ტომას მიულერია, რომელმაც სიტყვა „ტრეკვარტისტა“ Raumdeuter-ით შეცვალა(კოსმოსის გამომძიებელი). აღნიშნული ეტიკეტები მჭიდროდ არიან დაკავშირებული იმ პოზიციასთან, რომელსაც დღეს განვიხილავთ..
თავად მიულერს ცენტრალური თავდამსხმელობა არასდროს ნდომებია და თავის როლზე ჟურნალისტებთან ღიად აქვს ნათქვამი:
„ცენტრალურ თავდამსხმელად თამაში არ მიყვარს. ამ პოზიციაზე ჩემ თავს ვერ ვხედავ. ყველაზე დიდ სიამოვნებას მოწინააღმდეგის ნახევარზე, ნახევარდაცვის უკან სივრცეში თამაში მანიჭებს. სწორედ აქ შემიძლია მეტოქეს ყველაზე დიდი ზიანი მივაყენო. მე თავდამსხმელის და ნახევარმცველის ნაზავი ვარ. მე ვარ „რაუმდოიტერი“! ეს არის ინსტინქტი!“
ისტორიის მანძილზე, ბრაზილიის და არგენტინის ნაკრებებში ყველაზე ძლიერი ფეხბურთელები 10-ნომრით თამაშობენ. ამის თვალსაჩინო მაგალითები პელე, მარადონა და მესი არიან. რა თქმა უნდა, მაგალითების ჩამოთვლა შორს წამიყვანს და ამ 3 საოცარ ფეხბურთელზე შევჩერდეთ..
10 ნომრის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი 1980-იან წლებში გახდა. დიეგო მარადონა და მიშელ პლატინი სრულიად ამართლებდნენ ამ როლს. ისინი ნახევარდაცვას და თავდასხმას უხილავი ძაფით აკავშირებდნენ ერთმანეთს და ტაქტიკას სრულყოფილს ხდიდნენ. მეტიც, მიშელმა 1984 წლის ევროპის ჩემპიონატზე საკუთარი ინდივიდუალური გავლენით „მამლებს“ ტიტული მოაპოვებინა. საფრანგეთმა ჯამში 14 გოლი გაიტანა და აქედან 9 პლატინის ანგარიშზე იყო.
რატომ არის 10 ნომერი მითოლოგიური და მაგიური? ალბათ უფრო მეტად ძველი თაობისთვის ფეხბურთელი, რომელსაც 10-ნომრიანი მაისური ეცვა, ის აუცილებლად ასოცირდებოდა ტექნიკასთან, გამოცდილებასთან, შემოქმედებითად აზროვნებასთან, ნიჭთან, პასუხისმგებლობასთან და ზეწოლასთან..
ალბათ 1980-იან წლებში ვინმეს, რომ ეთქვა 2010 წელს 10-ნომრიან მაისურს მადრიდის „რეალში“ ისეთი ფეხბურთელი მოირგებს, როგორიც ლასანა დიარაა, არავინ დაიჯერებდა. რა თქმა უნდა, მას ამ ყველაფერთან არანაირი კავშირი არ აქვს, თუმცა ლასი შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება დამახინჯებულიყო 10 ნომრის მნიშვნელობა..
კიდევ ერთი მთავარი შესაძლებლობა, რომელიც 10-ნომრიანი მაისურის მქონე ფეხბურთელს უნდა ჰქონოდა, დრიბლინგი იყო, რადგან ისინი ყოველთვის იყვნენ მცველების ზეწოლის ქვეშ. 21-ე საუკუნის ვარსკვლავებიდან კაკა მინდა გამოვარჩიო(მესიზე საუბარი იმაზე შორს წაგვიყვანს, ვიდრე წარმოგიდგენიათ.) ბრაზილიელის თამაშის ყურება აბსოლუტურად ყველას სიამოვნებას ანიჭებდა. არ ჰქონდა მნიშვნელობა ვისი გულშემატკივარი იყავი. მიუხედავად იმისა, რომ მას „მილანში“ და მადრიდის „რეალში“ 10 ნომერი არ ეცვა, ის მაინც ამ პოზიციის ფეხბურთელი იყო..
მისი ყოფილი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ბრაზილიელს ასე ახასიათებს:
„კაკა ზიდანის დონეზე არ ასულა, მაგრამ ის ჩემს კარიერაში მეორე საუკეთესო ფეხბურთელია, ვინც კი გამიწვრთნია. ვფიქრობ, რიკარდო ყველაზე ჭკვიანი ფეხბურთელი იყო.“
კარიერის დასრულების შემდეგ, თვით პელემ საჯაროდ მიმართა:
„მომენატრება შენი ხილვა ფეხებთან ბურთით. შენ ნამდვილი ჯადოქარი იყავი.“
გასულ წელს, თავად კაკამ გააკეთა კომენტარი იმის შესახებ, თუ რატომ დაიჩრდილა თანამედროვე ფეხბურთში 10 ნომერი:
„ათიანის როლი დღეს მთლიანად დაკარგულია, რადგან ნახევარდაცვაში უპირატესობა უფრო მეტად დაცვითი სტილის მოთამაშეს ენიჭება. გახშირებულია პრესინგის თამაში და ამის გამო მოედნის ცენტრში სივრცე თითქმის აღარ რჩება.“
დავუბრუნდეთ თანამედროვე ფეხბურთს. ვინ გახსენდებათ დღეს 10 ნომერზე? პირადად მე ლუკა მოდრიჩი, რომელსაც ყველა ის თვისება აქვს, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, მაგრამ კიდევ რა შედის მის მოვალეობებში? დაცვითი ფუნქციების შესრულება.. თუ დღეს ეს უნარი არ გაქვს, ფაქტობრივად შენი ფასი ეცემა და მინიმალური ხდება.. ლუკა თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია, რომელმაც ბევრისგან განსხვავებით ოქროს ბურთიც კი მოიგო..
„ბლანკოსის“ ამჟამინდელი დამრიგებელი კარლო ანჩელოტი ლუკას ასე აღწერს:
„მოდრიჩი არის ფეხბურთელი, რომელიც თავისი თამაშით სხვებსაც უკეთესს ხდის. მისი გუნდში ყოფნით ყველა სარგებლობს. არ არის ეგოისტი.. ლუკა სრულყოფილია! ის თანაბრად კარგია, როგორც დაცვით ფუნქციებში, ასევე შეტევაში. როგორც ჩანს, მოდრიჩი ბურთთან ერთად დაიბადა.“
რომელი ტაქტიკა იქნება დღეს 10 ნომრისთვის საუკეთესო? 4-4-1-1, 4-1-2-1-2, 4-2-3-1 და 4-1-2-3. მაგრამ დაფიქრდით და გაიხსენეთ თამაშობს კიდე ვინმე ასე? ევროპული გრანდებიდან ალბათ მხოლოდ ისევ „ბაიერნი“ და მიახლოებით პეპ გუარდიოლას „მანჩესტერ სიტი“, თუმცა გავიმეორებ და ვიტყვი, რომ მიახლოებით..
გუარდიოლაზე უკვე ბევრი საქებარი სიტყვები დამიგროვდა, მაგრამ არის, თუ არა ის იმაში დამნაშავე, რომ კლასიკური ათიანი გაქრა? გარკვეულწილად კი. გავიხსენოთ მისი მიუნხენის „ბაიერნი“. პეპი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა, რომ ფილიპ ლამისგან ჩავი ერნანდესის ტიპის ნახევარმცველი მიეღო და ამის გამო „რეკორდმაისტერის“ გულშემატკივრები მას ხშირად აკრიტიკებდნენ.
რა მოხდა საბოლოოდ? ლამი ახალ პოზიციაზე ვერ ადაპტირდა. პეპმა ტომას მიულერი მარჯვენა ფლანგს მიაჯაჭვა, სადაც კონკურენციაში არიენ რობენთან შედიოდა და ბასტიან შვაინშტაიგერს ფუნქცია დაუკარგა. ესპანელმა ჩამოანგრია იუპ ჰაინკესის დანერგილი სისტემა, რომელშიც 10 ნომერი ფუნდამენტური მნიშვნელობის იყო..
გუარდიოლა ერთ-ერთი პირველი იყო თავის „ბარსელონათი“, ვინც 4-3-3 სისტემა შემოიღო. სამწუხაროდ, ფეხბურთში და არა მარტო ფეხბურთში, ადამიანებს მიმბაძველობა ახასიათებთ. გაიხსენეთ, რამდენმა სცადა მისი სქემით თამაში? მაგალითისთვის მაურიციო სარი შეგვიძლია მოვიყვანოთ, რომელიც ცენტრალურ ნახევარდაცვაში ჰამშიკი, ჟორჟინიო ალანით დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ფონს გასვლას. იმ დროინდელი „ნაპოლი“ ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა, იტალიის ჩემპიონობასთან ახლოსაც იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში ვერაფერი მოიგო. ე.წ. „ტიკი-ტაკა“ კი ტრენდად იქცა. ამ მეთოდით თაობებს დღემდე ზრდიან და ათიანის ჩაყლაპვას ფუნდამენტური სახე მიეცა..
პრემიერ ლიგაში, გუარდიოლას მთავარი მეტოქე იურგენ კლოპიც გარკვეულწილად დამნაშავეა, რომ დღეს 10 ნომერი აღარ არსებობს. რა არის გერმანელის მთავარი კოზირი? მასიური პრესინგი, რომლის საშუალებითაც მეტოქე გუნდს ბურთს მისსავე ნახევარზე ართმევს, რამდენიმე ზუსტ პასს აკეთებს და გოლების უმეტესობა ასე გააქვს. როგორი ფეხბურთელები არიან საჭირო ასეთი ტაქტიკისთვის? ფიზიკურად ძლიერი და სწრაფი.. ასეთ ტაქტიკაში კი 10 ნომერი თავის მთავარ თვისებებს ვერ იყენებს და გამოუსადეგარი ხდება.
თავის ერთ-ერთ ინტერვიუში იურგენმა განაცხადა:
„არის, თუ არა ნახევარდაცვაში ისეთი გამთამაშებლის საჭიროება, რომელიც გენიოსის დონეზე შეასრულებს პასს? მე შემიძლია ჩემი გუნდი რამდენიმე მოკლე პასით ვათამაშო. ამის გაკეთება ყველაზე კარგად კონტრ-პრესინგის დროს შემიძლია. მოწინააღმდეგეს ბურთს ართმევ, რამდენიმე მოკლე პასს ასრულებ და გოლი გაგაქვს. ხშირ შემთხვევაში, პრესინგის დროს, ბურთის წართმევის შემდეგ, ერთი მოკლე პასიც კი საკმარისია, რომ თავდამსხმელი გოლის გატანის ხელსაყრელ პოზიციაში დატოვო. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ წმინდა გამთამაშებლით თამაში საჭირო აღარ არის. მას იდეალურად ცვლის კონტრ-პრესინგი.“
და ბოლოს - იოზილი, ხამეს როდრიგესი, ისკო - ამ გიჟურად ნიჭიერ ფეხბურთელებს თანამედროვეობასთან ადაპტირება გაუჭირდათ.. მათ არ შეეძლოთ, თუნდაც ფლანგზე გარემარბად თამაში, ან ტრადიციული CM(ცენტრალური ნახევარმცველი) პოზიციის დაკავება. მათ ასევე არ შეეძლოთ/შეუძლიათ უკან დახევა და პოზიციური დისციპლინის როლის შესრულება..
კარგად მახსოვს ხამეს როდრიგესის მადრიდული პრობლემები. ზინედინ ზიდანი მას ხშირად ფლანგზე ათამაშებდა და მისი საფეხბურთო შესაძლებლობები ამ ყველაფერს ვერ უმკლავდებოდა..
კოლუმბიელმა ნახევარმცველმა ერთ დროს თქვა:
„ზინედინ ზიდანი ჩემი იდეალია. ყოველთვის იყო, არის და იქნება. სწორედ ამიტომ ვგულშემატკივრობ „რეალს“ ბავშვობიდან“..
ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ ზიდანმა ხამესი 2017 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში განაცხადშიც კი არ შეიყვანა..
რა თქმა უნდა, ზემოთ ჩამოთვლილმა ფეხბურთელებმა ისტორიაში თავიანთი კვალი დატოვეს, მაგრამ არა იმხელა, როგორიც მათი ტალანტის მქონე ფეხბურთელებს შეეძლოთ.. თუმცა ალბათ ეს ბოლომდე მათი ბრალი არასდროს ყოფილა..
ამ ბლოგის წერისას გამიჩნდა იდეა, რომ 10 ნომრის გაქრობასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო და განათლებულ მწვრთნელს გიორგი ჭიაბრიშვილს დაეფიქსირებინა.
ჭიაბრიშვილი:
.