შემადგენლობა ფინალისთვის - ბორჯღალოსნები ჩემპიონის მე-16 ტიტულისთვის ემზადებიან
რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. ტრავმირებული მირიან მოდებაძის ნაცვლად ფულბეკის პოზიციაზე ამჯერად დავით ნინიაშვილი ითამაშებს. საერთო ჯამში კი რუმინეთთან მატჩთან შედარებით, შემადგენლობაში სამი ცვლილებაა.
ძირითადში ბრუნდება ვეტერანი მორაგბე ალექსანდრე თოდუა, რომელსაც ქართველ მორაგბეებს შორის ეს ტურნირი ყველაზე მეტჯერ, 13-ჯერ აქვს მოგებული. ლადო ჩაჩანიძე, რომლის ანგარიშზეც ეროვნულ ნაკრებში 15 კეპია, თადარიგში იქნება და ის რიჩარდ კოკერილის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ შემადგენლობაში პირველად მოხვდა.
საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრები გუნდები ბოლოს ერთმანეთს 2023 წლის მსოფლიოს თასის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ და თამაში ფრედ, 18-18 დასრულდა. მატჩი კვირას, 17 მარტს, თბილისის დროით ღამის თორმეტ საათზე დაიწყება.