„ომალის მერაბის დამარცხების ერთადერთი შანსი აქვს“ | სეხუდოს მანქანის მოგების სჯერა
ჰენრი სეხუდომ სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მოქმედ ჩემპიონზე, შონ ომალიზე და მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. „ტრიპელ სის“ მიაჩნია, რომ „მანქანა“ ომალის მომდევნო მეტოქე უნდა იყოს და თვლის, რომ მერაბს გამარჯვების მოპოვების კარგი შანსი აქვს.
„ომალიმ მარლონ ვერას წინააღმდეგ მასტერკლასი გვაჩვენა, მაგრამ ჩიტოს თეიქდაუნის მცდელობა არ ჰქონია, დისტანცია არ შეუმცირებია და მხოლოდ ბოლო 10 წამი სცადა, რაღაცის გაკეთება. ომალის ნამდვილი გამოცდა მერაბ დვალიშვილია, რომელსაც დონეების შეცვლა უყვარს და თეიქდაუნებზეა ორიენტირებული.
შუგამ საოცრად იჩხუბა, მაგრამ თეიქდაუნის მცდელობაც კი არავის ჰქონია. ვფიქრობ, მისი მომდევნო მეტოქე მანქანა იქნება და ეს მეტსახელი დვალიშვილს იდეალურად შეეფერება. მასთან მიჩხუბია და ეს ბიჭი ყველასგან განსხვავებულია. ნახეთ, რაც მომივიდა და არ ვარ დარწმუნებული, რომ ომალის ასეთ მებრძოლთან ჩხუბისთვის საჭირო უნარები აქვს.
შუგა იმ შემთხვევაში გაიმარჯვებს თუ დვალიშვილს ბრძოლის საწყის წუთებში დაიჭერს და დააფინიშებს. დროის გასვლასთან ერთად, მერაბის სხეული ადაპტაციას გადის და მანქანა უფრო და უფრო უკეთესი მებრძოლი ხდება. ომალი ბოლო ბრძოლაში კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ მისი მეტოქე ქამრის ნომერ პირველი პრეტენდენტი არ ყოფილა და მისგან არც ჭიდაობის და თეიქდაუნების საფრთხე მოდიოდა.
დიახ, ომალი შესანიშნავად გამოიყურებოდა, მაგრამ საკითხავია, როგორ იასპარეზებს მეტოქის წინააღმდეგ, რომელიც სტრაიკერებთან და მოჭიდავეებთანაც ძალიან მაგარია. მერაბისთვის სატიტულო ჩხუბის მიცემაზე უარის თქმა აღარ შეიძლება და ვფიქრობ, ის საჩემპიონო ბრძოლას იმსახურებს. მგონია, რომ მას ომალის დამარცხება შეუძლია და თუ ვცდები, დაე, ომალიმ ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცოს“.
შეგახსენებთ, რომ UFC 299-ზე შონ ომალიმ ჩიტო ვერა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერ მსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი დაიცვა. ბრძოლის შემდეგ ამერიკელმა მებრძოლმა ქვემსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია გამოიწვია, თუმცა, ასევე განაცხადა, რომ მერაბ დვალიშვილის დასამარცხებლადაც მზადაა.