„ორივე ნამდვილი მონსტრია“ | ომალის მწვრთნელმა ილიასა და მერაბზე ისაუბრა
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის, შონ ომალის მთავარმა მწვრთნელმა, ტიმ უელჩმა „შუგას“ სავარაუდო მეტოქეებზე ისაუბრა. უელჩმა ყურადღება ილია თოფურიასა და მერაბ დვალიშვილზე გაამახვილა და ორივე მებრძოლს მონსტრი უწოდა, თუმცა, დასძინა, რომ არსებობს გზები, რომელთა დახმარებითაც, მათი დამარცხებაა შესაძლებელი.
ილია თოფურია
„წარსულშიც რამდენჯერმე გვითქვამს, რომ ილია თოფურია არის მებრძოლი, ვისი ჩხუბის ყურებაც უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებს. უნარების მხრივ, ერთ-ერთი საუკეთესოა. ერთი შეცდომა ილიას წინააღმდეგ და ეგრევე ნოკაუტში აღმოჩნდები. თოფურია მონსტრია, მაგრამ არსებობს გზები, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ. შონს სიმაღლეში უპირატესობა აქვს და ძალიან კარგია მებრძოლების წინააღმდეგ, რომლებსაც ილიასნაირი დგომი და სტილი აქვთ. თოფურია ძალიან, ძალიან, ძალიან საშიში მეტოქეა. ვიცი, რომ ხალხს ამ ჩხუბის გამართვის იდეა არ მოსწონს, მაგრამ ესპანეთში ჩასვლა და ბრძოლა გიჟური სანახაობა იქნება“.
მერაბ დვალიშვილი
„დვალიშვილს დიდი ცხვირი აქვს, მაგრამ ნამდვილი მანქანაა. მას ჟოზე ალდოს, ჰენრი სეხუდოსა და მარლონ მორაესის მსგავსი მებრძოლები დაუმარცხებია და ამ წონით დივიზიონში ყველასთვის სერიოზული პრობლემაა. გიჟური კარდიო აქვს და შეუძლია, 5 რაუნდის განმავლობაში არ გაჩერდეს. ნამდვილი გიჟია, ნებისმიერისთვის სერიოზული პრობლემაა, მაგრამ არსებობს გზები, რომელთა წყალობითაც, მისი დამარცხება შეგვიძლია. რიკი სიმონმა გონება დააკარგვინა, სეხუდომ და მორაესმა, რომლებიც ომალიზე ბევრად დაბლები არიან, ძლიერი ტკივილი მიაყენეს და კინაღამ დაანოკაუტეს. თუ ჰგონია, რომ შუგას დაჭერა და პარტერში გადაყვანა მარტივია, ძალიან ცდება. ილია და მერაბი ნამდვილი მონსტრები არიან. ორივე მებრძოლს დიდ პატივს ვცემთ და საშიშები არიან. ვფიქრობ, ხალხს მერაბისა და ომალის ჩხუბი უნდა, მაგრამ ალბათ, იმედი არავის გაუცრუვდება თუ შონი ილიას შეხვდება“.
შეგახსენებთ, რომ UFC 299-ზე შონ ომალიმ ჩიტო ვერა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერ მსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი დაიცვა. ბრძოლის შემდეგ ამერიკელმა მებრძოლმა ქვემსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია გამოიწვია, თუმცა, ასევე განაცხადა, რომ მერაბ დვალიშვილის დასამარცხებლადაც მზადაა.