„მინდა, თუ არა პენალტების სერია?“ - ლუქსემბურგის მწვრთნელის პრესკონფერენცია
ლუქსემბურგის ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუკ ჰოლცმა დღეს საქართველოს ნაკრებთან მატჩისთვის 24-კაციანი განაცხადი დაასახელა, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
რა თქვა ჰოლცმა:
მარვინ მარტინსის შესახებ: ჯერ არ ვიცით, საქართველოსთან ითამაშებს, თუ არა. მაგრამ კუნთების აღდგენის პროცესი დადებითი დინამიკით მიდის, იმაზე სწრაფად, ვიდრე ველოდით. თუ პირველი მატჩისთვის მზად იქნება, ძალიან გაგვიხარდება, თუ არა და ფინალში გვეყოლება. იგივეა ოლივიე ტილის შემთხვევაშიც...
მოსამზადებელი ეტაპი და ფსიქოლოგიური განწყობა: ფსიქოლოგია ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ იმ გამოცდილებით, რაც ჩვენს ბიჭებს დაუგროვდა, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი უშიშრად ითამაშებენ და გამბედავები იქნებიან. გუნდისგან დაჟინებით მოვითხოვ, რომ გარემო ფაქტორებს ყურადღება არ მიაქციონ. ემოციებს არ უნდა ავყვეთ, მათ შორის მეც.
მზად ხართ თუ არა პენალტებისთვის: ამის შესახებ მეკარეების მწვრთნელთან უკვე ვისაუბრე და შესაბამისად მოვემზადებით. ვარჯიშებზე დარტყმა საერთოდ არ არის იგივე, რაც 50 ათასი მაყურებლის წინაშე. ამ დროს გული უფრო ძლიერად გიცემს. ზოგს ძლიერი ხასიათი აქვს და სხვებთან შედარებით ნაკლებად ემოციურია, ზოგი კი პირიქით. საკუთარ თავებში დარწმუნებული უნდა ვიყოთ. არა ამპარტავანი, არამედ თავდაჯერებული.
როგორ ჩაივლის ბოლო შაბათ-კვირა? მეუღლეს ვუთხარი, რომ არაფერი დაგეგმოს. მინდა, რომ რაც შეიძლება მეტი მატჩის ყურება მოვასწრო, იმის მიუხედავად, რომ ჩემს ერთ-ერთ მოთამაშესა და მის თანაგუნდელს შორის იქნება დუელი... ჯერსონ როდრიგესი სლოვან ბრატისლავაში მათი ფეხბურთელის თანაგუნდელია და მან ზოგადად მითხრა, თუ რას უნდა ველოდოთ საქართველოსგან.
რას უნდა ველოდოთ? ეს არის გუნდი, რომელიც ისე თამაშობს, როგორც მათი მწვრთნელი, ვილი სანიოლი თამაშობდა. ძალიან სერიოზულად, მონდომებულად და არაკეთილგანწყობით. მაგრამ ჩვენც ამას გავაკეთებთ.
ლუქსემბურგის ნაკრების შემადგენლობა ასეთია:
მეკარეები: ენტონი მორისი (უნიონ სენტ-ჟილუაზა), ტიაგო კარდოსო პერერია (ბორუსია მიონხენგლადბახი), რალფ შჩონი (ვილცი 71).მცველები: მაქსიმ ჩანოტი (აიაჩო), ელდინ ჯოგოვიჩი (მაგდებურგი), ლაურენ ჯენსი (ვალდჰოფ მანჰეიმი), სეიდ კორაჩი (ვოევოდინა ნოვი სადი), ენეს მაჰმუტოვიჩი (ზსკა სოფია), მარვინ მარტინსი (ვენის ავსტრია), მიკა პინტო (არნემის ვიტესი), ვაჰიდ სელიმოვიჩი (ზელიეზნიკარ სარაევო).
ნახევარმცველები: ლეანდრო მარტინს ბარიერო (მაინცი), ლარს ჯერსონი (ბასტია), კრისტოფერ მარტინსი (კონგსვინგერი), მატიას ოლესენი (მოსკოვის სპარტაკი), ოლესენ მატიასი (აივერდონი) ოლივიე ტილი (ჩერკასი), სებასტიენ ტილი (სტალ ჟესოვი).
თავდამსხმელები: ალესიო ჩარჩი (ფრანს ბორეინსი), აიმან დარდარი (მაინცი), დევიდ ჯონათანსი (მიუნხენის ბაიერნი), ედვინ მურატოვიჩი (რესოვია ჟეშოვი), ჯერსონ როდრიგესი (სლოვან ბრატისლავა), იავანდრო სანჩესი (ნაიმეგენი), დანელ სინანი (სტ. პაული).
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფის ნახევარფინალი საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებებს შორის 21 მარტს, „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე გაიმართება.