მაურიციო სარი
Aa
Aa

სარი ნაპოლიში? რა აფერხებს მის დაბრუნებას

„ლაციოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ, იტალიურ სპორტულ პრესაში მაურიციო სარის „ნაპოლიში“ შესაძლო დაბრუნებაზე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება.  Calcionapoli 24-ის ცნობით, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ასეთ ვარიანტს მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ განიხილავს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, სარის „ლაციალეს“ პრეზიდენტ კლაუდიო ლოტიტოსთან უთანხმოება ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით მოუვიდა, რის გამოც ვარაუდობენ, რომ ის დე ლაურენტისისგან მაღალ ანაზღაურებას მოითხოვს, რასაც შესაძლოა „ნაპოლის“ პრეზიდენტი არ დათანხმდეს.

ნეაპოლელების მთავარ მწვრთნელად ამჟამად ფრანჩესკო კალცონა მუშაობს, რომელთანაც ხელშეკრულება სეზონის ბოლომდეა გაფორმებული. მისი ხელმძღვანელობით კლუბმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ბარიერი ვერ დაძლია, იტალიის ჩემპიონატში კი ოთხეულს 7 ქულა აშორებს.

სარი „ნაპოლის“ 2015 წლის 12 ივნისიდან 2018 წლის 23 მაისამდე ამზადებდა და ამ ხნის განმავლობაში კლუბმა 148 მატჩიდან 98 მოიგო, 25 ფრედ დაასრულა და 25 წააგო. პარტენოპეიში მუშაობის პერიოდში მან ერთხელ წლის საუკეთესო იტალიელი მწვრთნელისთვის დაწესებული ენცო ბეარზოტის პრემია მიიღო, ერთხელ კი, იტალიის ჩემპიონატის წლის საუკეთესო მწვრთნელი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები