“წაგებას მიჩვეულები არ ვართ“ - ინძაგი ატლეტიკოსთან მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გულშემატკივრებმა დაუვიწყარი მატჩი იხილეს. მადრიდის „ატლეტიკომ“ „ინტერს“ უმასპინძლა.
ძირითადი დრო მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა და მეოთხედფინალში გასულის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, სადაც იან ობლაკმა დიდებულად იასპარეზა და საკუთარი გუნდი შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მილანური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ კომენტარი გააკეთა.
რა თქვა ინძაგიმ?
„ცხადია წაგების გამო იმედგაცრუებულები ვართ. ჩვენ უნდა ვიამაყოთ იმით, რაც მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე გავაკეთეთ. ვფიქრობ, მეორე ტაიმში უფრო უკეთ უნდა გვეთამაშა. დამატებით დროში მეტი ენერგია გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ ბევრი შეცდომა დავუშვით.
დიმარკოს გოლის შემდეგ, თითქოს მატჩის სადავეები ჩვენს ხელში იყო, თუმცა „ატლეტიკომ“ ძალიან მალე გაათანაბრა. ამით კი თავდაჯერებულობა დაიბრუნეს. ეს ეხება მათ გულშემატკივრებსაც. ვფიქრობ, შეტევაში უკეთესები უნდა ვყოფილიყავით და ლიდერის სტატუსი შეგვენარჩუნებინა.
წაგებას მიჩვეულები არ ვართ. იმედგაცრუებულები ვართ, რადგან დი მარკოს გოლის შემდეგ ჯამში 2:0-ს ვიგებდით. თავი უკეთ უნდა დაგვეცვა. ყველამ ვიცით, რომ ასეთ დონეზე მცირე დეტალმაც შეიძლება გადაწყვიტოს გამარჯვებულის ბედი. მიუხედავად ამისა, ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ და მათაც უნდა იამაყონ იმით, თუ რა გააკეთეს წელს.“
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი დასრულებულია. მეოთხედფინალში „რეალი“, „ბარსელონა“, „ატლეტიკო“, „მანჩესტერ სიტი“, „ბაიერნი“, „დორტმუნდი“, „პარი სენ ჟერმენი“ და „არსენალი“ ითამაშებენ.