„ერთი მიზანი გვაქვს - ევროპის ჩემპიონატზე თამაში“ | ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის შეხვედრებამდე 1 კვირით ადრე, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
ვილი სანიოლი:
26-კაციანი შემადგენლობა ასეთი იქნება - გიორგი ლორია, გიორგი მამარდაშვილი, ლუკა გუგეშაშვილი, გურამ კაშია, საბა კვერკველია, ოთარ კაკაბაძე, საბა საზონოვი, გიორგი გველესიანი, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ლევან შენგელია, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, ოთარ კიტეიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ჩაკვეტაძე, სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ჯაბა კანკავა, გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ქვილითაია, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია.
ჯაბას დაბრუნება ჩემი სურვილი იყო. ამაზე დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი. მისი სურვილი იყო, რომ კარიერა დაესრულებინა და მის გადაწყვეტილებას პატივი ვეცით, თუმცა, გვინდოდა, რომ ამ მნიშვნელოვანი თამაშებისთვის მოგვეწვია. ამაზე ფედერაციის წარმომადგენლებს ვესაუბრე, შემდეგ ჯაბას ველაპარაკეთ და ის მოხარული იყო ამ აზრით და დაბრუნება უნდოდა. ჩვენს შორის დადებითი დიალოგი შედგა.
ფავორიტის სტატუსი არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია, რომ სახლში ვთამაშობთ და ნებისმიერ შემთხვევაში მიზანი გამარჯვება იქნება. ეს ხვიჩასთან ერთად, თუ მის გარეშე, მთავარი მიზანია.
ირაკლი აზაროვის არგამოძახების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იყო. როგორც მწვრთნელს, ხშირად მიწევს რთული გადაწყვეტილებების მიღება. ირაკლი ნიჭიერი ფეხბურთელია. აღვნიშნავ, რომ ნაკრებში მისი ბოლო თამაშებით კმაყოფილი არ ვიყავი, განსაკუთრებით შოტლანდიასთან. უნდა გაიაზროს, რომ პირველ რიგში მცველია და მოედანზე შესაბამისი დავალებები უნდა შეასრულოს. ამის გამო მივიღე ეს გადაწყვეტილება. ამ ეტაპზე ლევან შენგელია და გიორგი წიტაიშვილი უკეთესად გამოიყურებიან და ამ მატჩში სწორედ მათი იმედი მექნება.
საბა ლობჟანიძეს რთული გრაფიკი აქვს. მას პროფესიულად და პიროვნულად ძალიან ვაფასებ. მასთან მუშაობა ძალიან მსიამოვნებს. მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ კარიერა ამერიკაში გაეგრძელებინა. კვირას ჩემპიონატში მძიმე თამაში ელის და ვფიქრობ, ლუქსემბურგთან თამაშისთვის მზად არ იქნებოდა. ხანგრძლივ მგზავრობას და აღდგენას დრო სჭირდება. ტაილანდთან თამაშის დროსაც დავინახეთ, რომ კუნთი გაეჭიმა და აღდგენა ვერ მოასწრო.
გასულ წელს რამდენიმე ნახაზი გამოვცადეთ. არ მინდა სიტყვა ექსპერიმენტი გამოვიყენო. საბოლოო ჯამში, ის მოთამაშეები, რომლებიც გამოვიძახეთ, ნაკრებში ყოფნას იმსახურებენ.
რთულია ერთა ლიგის და საკვალიფიკაციო ეტაპის ერთმანეთთან შედარება. ჩვენი ბოლო მეტოქეები უფრო ძლიერები იყვნენ, თუმცა, ტაქტიკა და წყობა არ შეგვიცვლია. გამონაკლისი ესპანეთთან იყო და ეს შეცდომა აღმოჩნდა. ლუქსემბურგთან შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ თუ არა, მთავარი შედეგი იქნება ევროპის ჩემპიონატი. ჯობია ნაკლებად ლამაზად ვითამაშოთ და 1:0 მოვიგოთ, ვიდრე შემტევი თამაში იყოს და 5:4 წავაგოთ. დღეიდან შევიკრიბებით და ლუქსემბურგის თამაშებს გავარჩევთ, საბოლოო მონახაზს ამის შემდეგ შევქმნით.
მარცხენა მცველი? გეთანხმებით, რომ ფიზიკური მომზადება ერთ-ერთი ფაქტორია, რითაც მოთამაშეები შევარჩიე, მაგრამ გამოცდილებაც მნიშვნელოვანია. ყოველთვის არსებობს შეხედულებები ვინ უნდა იყოს გამოძახებული და ვინ არა. ამ პოზიციაზე თამაში გოჩოლეიშვილსა და ლევან შენგელიას შეუძლიათ, ასევე წიტაიშვილსაც. ნებისმიერ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ამ პოზიციაზე პრობლემა არ იქნება.
გიორგი არაბიძე მოიაზრებოდა გაფართოებულ სიაში. ტორპედოში კარგი სეზონი ჰქონდა და მეც ვაკვირდებოდი. ბევრს უნდა მისი გამოძახება. მაგრამ მისი თამაშის ინტენსივობით კმაყოფილი არ ვიყავი. მესმის, რომ საუკეთესო არ ვარ, მაგრამ იურგენ კლოპი ხომ არის ერთ-ერთი საუკეთესო? მან თქვა, რომ ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც არ შეუძლია ინტენსივობით თამაში, ლიონელ მესია. დანარჩენი ყველა ინტენსივობით თამაშობს - რონალდუ, მბაპე, დე ბრუინი და ა.შ. თანამედროვე ფეხბურთში ინტენსივობა ყველაზე მნიშნელოვანია და არაბიძემ სწორედ ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს.
პირველივე დღიდან თავს ვიკავებდი მეტოქე გუნდებზე ვრცლად საუბრისგან და ახლაც არ მსურს მათზე საუბარი. ვისაც მიაჩნია, რომ ლუქსემბურგი ჯუჯა სახელმწიფოა და ამის გამო ფეხბურთს ვერ თამაშობენ, მოვუწოდებ, რომ მეტი პატივისცემა გამოიჩინონ. მათ ბევრ წარმატებას მიაღწიეს და დაამტკიცეს, რომ ანგარიშგასაწევი ძალაა. გასაგებია, რომ დანაკლისი აქვთ, მაგრამ პრობლემები ჩვენც გვაქვს.
ფეხბურთელები არამარტო ამ მატჩისთვის, არამედ ყველა შეხვედრისთვის მოტივირებულები არიან. წნეხი ბუნებრივია იქნება, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს დადებით ფაქტორად აღვიქვათ და არა დაბრკოლებად. ჯაბას დაბრუნება გუნდს მოტივაციას მატებს, ის ლიდერია როგორც მოედანზე, ისე მოედნის მიღმაც, მაგრამ კაპიტანი გურამ კაშია იქნება.
ალექსანდრე იაშვილი:
ჯაბა არის მაგალითი, თუ რას ნიშნავს შენი ქვეყნის სახელით ითამაშო და გეცვას ნაკრების მაისური. მისი დიდი სურვილი იყო, რომ ეთამაშა. ბრატისლავაში ვიყავით და ვესაუბრეთ. მისგან დადებითი ემოცია წამოვიდა და ბედნიერი ვარ, რომ ის დაგვეხმარება.
მთავარია ერთიანობა, ეს ერთიანობა ყველასგან უნდა მოდიოდეს, რადგან ყველას ერთი მიზანი გვაქვს - ევროპის ჩემპიონატზე თამაში. ამისთვის ყველამ ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ. დარწმუნებული ვარ, ერთიანობით მიზნის შესრულებას შევძლებთ.
ფეხბურთელებთან კომუნიკაცია და თამაშების ნახვა მნიშვნელოვანია. მოთამაშეებმა ამ მატჩის მნიშვნელობა იციან და ყველას ერთი მიზანი აქვს. ისინი მენტალურად და ფიზიკურად მზად არიან. იმედი გვაქვს, რომ ყველა ჯანმრთელად იქნება. ფეხბურთელები საგურამოში იცხოვრებენ. დახურული ტერიტორიაა და იქ, მშვიდ გარემოში მოემზადებიან.
სანიოლი ირლანდიის ნაკრებში? ძალიან კარგია, როდესაც შენი მწვრთნელი სხვა ქვეყნებს უნდათ, რადგან ეს ნიშნავს, რომ კარგად მუშაობს. მაგრამ ახლა ამაზე საუბარი სწორად არ მიგვაჩნია.
რაც შეეხება ილია თოფურიას, ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი თანამემამულე ასეთ წარმატებას აღწევს. გვინდა, რომ თამაშის დაწყებამდე სტადიონზე წარსდგეს და გაგვიხარდება, თუ ეს საკითხი გამოგვივა. უეფასთან მოლაპარაკება მიდის და როგორც კი რამე სიახლე იქნება, აუცილებლად შეგატყობინებთ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის პირველ შეხვედრას 21 მარტს, ლუქსემბურგის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, გამარჯვების შემთხვევაში კი 26 მარტს, საბერძნეთისა და ყაზახეთის ნაკრებებს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.