ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, არიგო საკი
Aa
Aa

„ცოტას და ცუდად მოძრაობდნენ“ | არიგო საკიმ კვარა და ოსიმენი გააკრიტიკა

არიგო საკიმ „ბარსელონასა“ და „ნაპოლის“ შეხვედრა შეაფასა და „პარტენოპეის“ ორი ფეხბურთელი გააკრიტიკა. ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტის თქმით, „ბლაუგრანასთან“ მატჩში, რომელიც კატალონიელებმა 3:1 მოიგეს, ყველაზე მეტად ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის ქმედებებმა გააკვირვა.

„გასაკვირი იყო ის, რომ კვარა და ოსიმენი, ორი ელემენტი, რომლებისგანაც ყველაზე მეტს ელოდნენ, ნაკლებად მანევრირებდნენ. მართალია, ბურთი ხშირად არ მისდიოდათ, მაგრამ ისიც მართალია, რომ ძალიან ცოტას და რაც მთავარია, ცუდად მოძრაობდნენ.

მთელი მატჩის განმავლობაში, კვარაცხელია ბურთს სტატიკურ მდგომარეობაში ელოდებოდა და მისი მიღებისას სისწრაფე აკრეფილი პრაქტიკულად არც ერთხელ ჰქონია, რის გამოც, მეტოქეებისთვის მარტივი სამიზნე ხდებოდა და მას იოლად აკავებდნენ. ოსიმენი მცველების უკან არსებულ სივრცეებს იშვიათად უტევდა და თანაგუნდელებს თითქმის არ ეხსნებოდა. ეს ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ ბარსელონას პრობლემები შეუქმნა. რა თქმა უნდა, გუარდიოლას ბარსაზე არ გვაქვს საუბარი, მაგრამ ჩავის ბლაუგრანა არის გუნდი, რომელმაც თანამედროვე ფეხბურთის პრინციპები კარგად იცის.

მართალია, ბარსელონას ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავს, მაგრამ ნაპოლისთვის მაინც ზედმეტად ძლიერი აღმოჩნდა. კატალონიელები დომინირებდნენ და საბოლოოდ, მომდევნო ეტაპზე უკეთესი გუნდი გავიდა. ნაპოლის გამო ძალიან ვწუხვარ. კალცონას გუნდი დაცვაში დამაჯერებელი არ ყოფილა. დაცვის ხაზს ორგანიზებულობა აკლდა და პოზიციას ვერ არჩევდა“.

ცნობისთვის, „ბარსელონას“ მხრიდან გოლები ფერმინ ლოპესმა, ჟოაუ კანსელუმ და რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანეს, „ნაპოლის“ რიგებში კი თავი ამირ რაჰმანიმ გამოიჩინა. ფრანჩესკო კალცონას შეგირდებს სერია A-ში 44 ქულა აქვთ და ჩემპიონთა ლიგის ზონას 7 ქულით ჩამორჩებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გაძღებოდა, ჩხუბს წააგებდა და...“ | მალიხინის განცხადება და მერაბის პასუხი
„გაძღებოდა, ჩხუბს წააგებდა და...“ | მალიხინის განცხადება და მერაბის პასუხი