შესაძლოა გადაღლილია, მისი ამბავი ცუდად მიდის - ფრანგი ჟურნალისტი დავითაშვილზე
ფრანგული „ბორდო’’ ცუდ სეზონს ატარებს, გასულ ზაფხულში გუნდის მიზანს ელიტაში დაბრუნება წარმოადგენდა, თუმცა ლიგა 2-ში 28 ტურის შემდეგ ჟირონდული კლუბი 37 ქულით მე-13 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ 4 ქულით უსწრებს.
„ბორდოს'' ქართველი გარემარბი ზურიკო დავითაშვილი სანაკრებო პაუზას ცუდ ფორმაში ხვდება, მის თამაშს აკლია სიმწვავე და სისწრაფე, საუკეთესო ფორმისგან შორსაა და საუკეთესო თვისებების გამოვლენა ძალიან უჭირს.
ჟურნალისტები ლორან ბრუნი და ალან ბოდრონი, რომლებიც „ბორდოს’’ თამაშებს აქტიურად აშუქებენ, ალბერტ რიერას ფეხბურთელებს აკრიტიკებენ და აღნიშნავენ, რომ გუნდი საკმაოდ ნელ ტემპში თამაშობს.
ლორან ბრუნი: „გყავს ფეხბურთელები, რომლებიც ორთაბრძოლებში არ შედიან, ასეთია ზურიკო დავითაშვილი. ვფიქრობ, კარგი იქნება თუ ცოტა ხნით სათადარიგოთა სკამზე დასვამენ. არ ვიცი, რა არის მისი პასიურობის მიზეზი, შესაძლოა გადაღლილია, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ დავითაშვილის ამბავი ცუდად მიდის’’.
ალან ბოდრონი: „მათ სისწრაფე ყველგან აკლიათ, პასებს ძალიან ნელ ტემპში ასრულებენ. ამ თემაზე ალან ჟირესმაც ისაუბრა, „ბორდოს’’ სისწრაფე აკლია და როცა გუნდი ასე ნელა თამაშობს, მაშინ გამოსავალი ინდივიდუალურად ძლიერ ფეხბურთელშია, რომელსაც თამაშის გამწვავება შეუძლია. ასეთი მოთამაშეები ზურიკო დავითაშვილი და მარვინ დე ლიმა არიან. ფაქტია, „ბორდო’’ ძალიან ნელ ტემპში თამაშობს’’.
„ბორდოს’’ დაუმარცხებელი სერია 5-მატჩიანია, თუმცა ბოლო ხუთი შეხვედრიდან მხოლოდ 2 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა. 29-ე ტურში „ბორდო’’ გასავარდნ ზონაში მყოფ „ანესის’’ ესტუმრება (16 მარტი, 22:00). ამ მატჩის შემდეგ ქართველი ფეხბურთელი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება და ლუქსემბურგთან უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის მოემზადება. ზურიკოს ცუდი სათამაშო ფორმის მიუხედავად სავარაუდოდ ვილი სანიოლი დავითაშვილს მაინც გამოიძახებს.
ლიგა 2-ის ამ სეზონში 23 წლის ქართველმა ფეხბურთელმა 27 მატჩში 3 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, საფრანგეთის თასის ორ შეხვედრაში მის აქტივში 1 საგოლე გადაცემაა.