„როდესაც გასახდელში ვბრუნდებოდი, მოვიდა და მითხრა...“ - ომალიმ მერაბთან შეხვედრა გაიხსენა
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა, შონ ომალიმ MMA Hour-ზე სტუმრობის დროს „ჩიტო“ ვერასთან შემდეგ მერაბ დვალიშვილთან შეხვედრა გაიხსენა და განაცხადა, რომ ქართველი მებრძოლი ვერ იცნო.
რას ამბობს ომალი:
ბრძოლის შემდეგ, როდესაც გასახდელში შევდიოდი, ჩემთან მერაბი მოვიდა და გამარჯვება მომილოცა, მე კი მადლობა ვუთხარი. მეგონა, რომ ერთ-ერთი გულშემატკივარი იყო, ვერ ვიცანი... ვიფიქრე, ეს ვინ ჯანდაბა არის-მეთქი... შემდეგ კი მითხრა - „ჩემი სახელი უნდა გეთქვაო“, ამის შემდეგ გავაანალიზე - „ოჰ, ეს ხომ მერაბია“. ვერ მივხვდი ვინ იყო, უბრალოდ მეგონა, რომ ვიღაც კარგ რამეს მეუბნებოდა.
ამ კომენტარის შემდეგ ომალიმ მერაბ დვალიშვილთან პოტენციურ ბრძოლაზეც ისაუბრა.
ამ ბიჭს ცხვირი ისე აქვს მოგრეხილი... მაგრამ ძალიან კარგია. მერაბი 100%-ით შეიძლება იყოს ჩემი მომდევნო მეტოქე. თუ ის იქნება, მასთან სიამოვნებით ვიჩხუბებ ვეგასში, UFC 306-ზე. მაგრამ თუ ილია იქნება, სიამოვნებით წავალ ესპანეთში.
ილია იმიტომ გამოვიწვიე, რომ მერაბზე ბევრად საშიშია. დვალიშვილი ძალიან რთული მეტოქეა, გიჟური კარდიო აქვს, მაგრამ სცადეთ, რომ მისი ბროლო სამი მეტოქე გაიხსენოთ და სახელები თითქმის არ გემახსოვრებათ. ის მოსაწყენია, სუპერვარსკვლავი არ არის, მაგრამ 10-ბრძოლიანი მოგებათა სერია აქვს, ასე რომ, მასთან ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი.
ის იმდენად მოსაწყენია, რომ მეტოქე მუდამ ძირს გადაჰყავს, თუმცა, რაღაც ისეთს აკეთებს, რაც ხალხში ინტერესს იწვევს. უნდათ, რომ ჩემი წაგება ნახონ, რადგან Fu***ng კაცი ვარ.
შეგახსენებთ, რომ შონ ომალიმ რამდენიმე დღის წინ UFC 299-ზე „ჩიტო“ ვერა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი დაიცვა. ბრძოლის შემდეგ ომალიმ ილია თოფურია გამოიწვია და მას ესპანეთში ბრძოლა შესთავაზა. ვერასთან გამარჯვების შემდეგ, ომალისთან მერაბ დვალიშვილი მივიდა და მოუწოდა, რომ შემდეგ საჩემპიონო ბრძოლაში მას დაუპირისპირდეს.
Merab Dvalishvili and Sean O'Malley met up after #UFC299 ???? pic.twitter.com/N9AnrUnwzQ
— ESPN MMA (@espnmma) March 10, 2024
რაც შეეხება მერაბ დვალიშვილს, „მანქანამ“ UFC 298-ზე ჰენრი სეხუდოს მოუგო, ბრძოლის შემდეგ კი UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა განაცხადა, რომ ქართველი მებრძოლი დიდი ალბათობით საჩემპიონო ბრძოლას მიიღებს.