„მამუს“ წამები დაუთმეს - სან ანტონიო გოლდენ სტეიტთან დამარცხდა
NBA-ს მორიგ ტურში სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსი“ საკუთარ მოედანზე „გოლდენ სტეიტ უირიორსს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლასი 10 ქულის სხვაობით, 102:112 დამარცხდა.
მასპინძლებმა პირველი მეოთედი დამაჯერებლად 37:29 მოიგო, თუმცა მეორე მეოთხედი 23:29, მესამე მეოთხედი კი 18:32 დათმო, რამაც შედეგზე გადამწყვეტი როლი ითამაშა. დასკვნით მეოთხედში გრეგ პოპოვიჩის გუნდმა 24:22 გაიმარჯვა, თუმცა, სხვაობის აღმოფხვრა ვეღარ შეძლო.
ქულების რაოდენობით, საუკეთესო „სპურსის“ ლიდერი, ვიქტორ ვემბანიამა იყო, რომელმაც მოედანზე გატარებულ 31 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა - 27 ქულა, 14 მოხსნა, 3 ასისტი. გოლდენ სტეიტიდან კი ჯონათან კუმინგა გამოირჩა - 22 ქულა, 5 მოხსნა, 1 ასისტი 31 წუთში.
რაც შეეხება სანდრო მამუკელაშვილს, ქართველი კალათბურთელი მოედანზე შეხვედრის მიწურულს გამოჩნდა, როდესაც მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო. „მამუმ“ პარკეტზე მხოლოდ 13 წამი გაატარა და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.
65 ტურის შემდეგ სან ანტონიო დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში 14 მოგებითა და 51 მარცხით კვლავ ბოლო ადგილზე იმყოფება. მამუკელაშვილის გუნდს მომდევნო შეხვედრა 13 მარტს, საკუთარ მოედანზე „ჰიუსტონ როკეტსთან“ ელის.