კრიშტიანუ რონალდუ, ალ-ნასრი, აზიის ჩემპიონთა ლიგა
Aa
Aa

7-გოლიანი თრილერი და პენალტები - ალ-ნასრი აზიის ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა

აზიის ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის საპასუხო მატჩში კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრი“ საკუთარ მოედანზე გაერთიანებული საამიროების გუნდ „ალ აინს“ დაუპირისპირდა და დრამატულ ბრძოლაში პენალტების სერიაში დამარცხდა, რითაც გათამაშებას გამოეთიშა.

სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა პენალტების გარდა ძირითად დროში და დამატებით ტაიმებში 7 გოლი იხილა. „ალ-ნასრს“ პირველი მატჩი სტუმრად 0:1 ჰქონდა წაგებული და მომდევნო ეტაზე გასასვლელად მინიმუმ 2-ბურთიანი სხვაობით გამარჯვება სჭირდებოდა.

„ალ აინი“ თავიდან რაჰიმის დუბლით ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდა, თუმცა, ტაიმის მიწურულს გარებმა სხვაობის მინიმუმამდე შემცირება შეძლო და ტაიმი სტუმრებმა 1:2 მოიგეს.

მეორე ნახევარში ეისას ავტოგოლით „ალ-ნასრმა“ წონასწორობა აღადგინა, 72-ე წუთზე კი ალეშ ტელეშმა მასპინძლები წინ გაიყვანა. ძირითად დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და დამატებითი ტაიმები დაინიშნა.

98-ე წუთზე „ალ-ნასრი“ 10 კაცით დარჩა. მეტოქეზე უხეშობის გამო მსაჯმა მოედნიდან იაჰია გააძევა, ეპიზოდიდან ზუსტად 5 წუთში კი „ალ აინმა“ შამსის გოლით ანგარიში გაათანაბრა. მეორე ექსტრა ტაიმის დასრულებამდე 2 წუთით ადრე სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ზუსტად კრიშტიანუ რონალდუმ შეასრულა და ორი მატჩის ჯამში თანაფარდობა აღადგინა.

შედეგად, გამარჯვებულის გამოსავლენად თერთეტმეტრიანები დაინიშნა, რომელშიც უფრო ძლიერი სტუმართა გუნდი აღმოჩნდა. „ალ-ნასრიდან“ თავისი დარტყმები გუნდის ლიდერებმა მარსელო ბროზოვიჩმა, ალეშ ტელეშმა და ოტავიომ გააფუჭეს, ერთადერთი დარტყმა კი ზუსტად კრიშტიანუ რონალდუმ გამოიყენა, საპასუხოდ კი „ალ აინმა“ სამივე დარტყმა ზუსტად შეასრულა. საბოლოოდ, სერია სტუმრებმა 1:3 მოიგეს და ნახევარფინალის საგზურიც მოიპოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები