„მერაბი მოსაწყენია, ილია კი საშიში, მაგრამ...“ - ომალიმ მომდევნო მეტოქეზე ისაუბრა
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა, შონ ომალიმ MMAFightingonSBN-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ მერაბ დვალიშვილთან საბრძოლველად მზადაა, თუმცა, ბრძოლა ილია თოფურიას წინააღმდეგაც სურს.
რას ამბობს ომალი:
მერაბი ძალიან კარგია და 100%-ით შეიძლება იყოს შემდეგი ოპონენტი. თუ შემდეგი მერაბი იქნება, მაშინ სიამოვნებით ვიბრძოლებ UFC 306-ზე - „სფეროში“. მაგრამ თუ ილია იქნება, მაშინ დიდი სიამოვნებით წავალ ესპანეთში.
ილია იმიტომ გამოვიწვიე, რომ მერაბზე ბევრად საშიშია. დვალიშვილი ძალიან რთული მეტოქეა, გიჟური კარდიო აქვს, მაგრამ სცადეთ, რომ მისი ბროლო სამი მეტოქე გაიხსენოთ და სახელები თითქმის არ გემახსოვრებათ. ის მოსაწყენია, სუპერვარსკვლავი არ არის, მაგრამ 10-ბრძოლიანი მოგებათა სერია აქვს, ასე რომ, მასთან ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი.
შეგახსენებთ, რომ შონ ომალიმ რამდენიმე დღის წინ UFC 299-ზე „ჩიტო“ ვერა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი დაიცვა. ბრძოლის შემდეგ ომალიმ ილია თოფურია გამოიწვია და მას ესპანეთში ბრძოლა შესთავაზა.
რაც შეეხება მერაბ დვალიშვილს, „მანქანამ“ UFC 298-ზე ჰენრი სეხუდოს მოუგო, ბრძოლის შემდეგ კი UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა განაცხადა, რომ ქართველი მებრძოლი დიდი ალბათობით საჩემპიონო ბრძოლას მიიღებს.