შთამბეჭდავი ციფრები - როგორია კვარა-ოსიმენის სტატისტიკა ნაპოლიში
„ბარსელონასთან“ მერვედფინალური რაუნდის საპასუხო მატჩის წინ იტალიის სპორტულ პრესაში „ნაპოლის“ შესახებ უამრავი ინფორმაცია ვრცელდება. Corriere del Mezzogiorno-მ კი ერთ-ერთი სტატია ნეაპოლის კლუბის თავდასხმის ვარსკვლავურ დუეტს მიუძღვნა.
ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი ერთად 2022 წლის აგვისტოდან თამაშობენ და მას შემდეგ მათმა ტანდემმა ჯამში 68 ბურთი გაიტანა, 30 საგოლე გადაცემა შეასრულა, 6 პენალტი გამოიმუშავა და ჯამში 104 გოლი შექმნა. სტატიაში ხაზგასმულია შარშანდელი ფენომენალური სეზონი, როდესაც ქართველი სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი, ნიგერიელი კი ბომბარდირი გახდა.
წლევანდელი სეზონი ოსიმენისთვის და კვარაცხელიასთვის ცუდად დაიწყო, თუმცა ბოლო პერიოდში როგორც ერთი, ასევე მეორე მშვენიერ ფორმაში შევიდა და „ბარსელონას“ დაცვის ხაზის არადამაჯერებელი თამაშიდან გამომდინარე, მათგან მართლაც რეალური საფრთხე არსებობს.
შეგახსენებთ, რომ „სტადიო მარადონაზე“ გამართული „ნაპოლი“ – „ბარსელონას“ შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა და კატალონიის გრანდის კარში გოლი სწორედ ოსიმენმა გაიტანა.