ნაპოლის ტოპ დონის ფეხბურთელები ჰყავს - ჩავი ნაპოლისთან მატჩის წინ
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე საპასუხო შეხვედრაში „ბარსელონა’’ „ნაპოლის’’ მიიღებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „ბარსას’’ მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა ისაუბრა. მისი თქმით, გუნდებს თანაბარი შანსი აქვთ, თუმცა ნეაპოლში მისმა გუნდმა უკეთესი ფეხბურთი აჩვენა.
ჩავი: „ნაპოლიმ’’ თამაში გააუმჯობესა, უფრო სოლიდური და დინამიური გუნდია. მათი თამაში მომწონს, „ნაპოლის’’ ტოპ დონის მოთამაშეები ჰყავს. დაცვიდან ბურთით „ამოდიან’’, კალცონას დანიშვნის შემდეგ „ნაპოლიმ’’ პროგრესი აჩვენა, თამაშის ხარისხი გააუმჯობესა.
ლობოტკას თამაში მომწონს, ბურთს არ კარგავს, მას „ბარსელონაში’’ ვისურვებდი, განსხვავების შემქმნელი ფეხბურთელია.
„ნაპოლისთან’’ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაგვაკლდება: ფრენკი დე იონგი, პედრი, გავი, ბალდე... კონკურენტუნარიანნი უნდა ვიყოთ და უნდა ვაჩვენოთ, რაზეც ვიმუშავეთ. ნეაპოლში უკეთესები ვიყავით და საშინაო მატჩშიც ასე უნდა იყოს.
„ბარსას’’ ქომაგებს მინდა ვუთხრა, რომ არ შეშინდნენ, ეს შესაძლებლობაა, რომ ევროპის საუკეთესო 8 გუნდს შორის მოვხვდეთ. შიშის გარეშე უნდა ვითამაშოთ და ოთხი წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდეთ.
ყველა სცენარზე ვიმუშავეთ, მათ შორის პენალტების სერიაზე.
გუნდების შანსები თანაბარია, ქომაგების ფაქტორიდან გამომდინარე მცირედით ფავორიტები ჩვენ ვართ’’.
„ნაპოლისა'' და „ბარსას'' შორის პირველი მატჩი „დიეგო მარადონაზე'' 1:1 დასრულდა. საპასუხო შეხვედრა „მონჟუიკზე'' 12 მარტს გაიმართება, თამაში თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.