„მთავარი საფრთხე ბარსელონასთვის“ | კაპელო ხვიჩასა და ნაპოლი-ბარსაზე
ფაბიო კაპელომ „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ დაპირისპირებაზე ისაუბრა. 77 წლის ლეგენდარულმა სპეციალისტმა ინტერვიუ ნეაპოლურ გაზეთს, Il Mattino-ს მისცა და განაცხადა, რომ „ბლაუგრანასთვის“ ყველაზე დიდი საფრთხის შექმნა ხვიჩა კვარაცხელიას შეუძლია.
„როგორც იქნა, საკუთარი თავისთვის შესაფერის დონეზე მოთამაშე კვარა ვიხილე და მას შეუძლია, ბარსელონასთვის მთავარი საფრთხე იყოს. სისწრაფისა და ინტენსიურობის წყალობით, შეუძლია, მეტოქეს პრობლემები შეუქმნას და მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხვიჩას სურს, იყოს ისეთი ლიდერი, როგორიც გასულ სეზონში იყო.
ფრანჩესკო კალცონა? მან იცის, გუნდის სუსტი და ძლიერი მხარეები რა არის და ნაპოლის ძველ მდგომარეობაში აბრუნებს. ახლა საჭიროა, დაცვაზე იმუშაონ, რადგან როცა ამ ფაზაში შეცდომებს უშვებ, გოლებს იღებ. კალცონა ძალიან ჭკვიანი სპეციალისტია და გუნდს ათამაშებს ფეხბურთს, რომელსაც ფეხბურთელები კარგად იცნობენ.
განმეორებითი შეხვედრა? იმ ფაქტის გამო, რომ მატჩი კამპ ნოუზე არ გაიმართება, ბარსელონა რაღაცას კარგავს. ტრიბუნების მიერ მეტოქე გუნდის ფეხბურთელებზე განხორციელებული წნეხი არ იარსებებს და მოკლედ რომ ვთქვათ, გარემოსთან დაკავშირებულ ფაქტორებს ნაპოლიზე გავლენა ვერ ექნებათ. მალიორკასთან მატჩში, ბარსამ სუსტი გუნდის შთაბეჭდილება დატოვა. ჩავიმ ბევრი ცვლილება რომც გაატაროს, აშკარაა, რომ მის ბარსელონას რთული პერიოდი უდგას. ჩავის გუნდის მთავარი სუსტი წერტილი დაცვაა. ისინი ყველა მატჩში ბევრ მომენტს ქმნიან, მაგრამ სივრცეებს ტოვებენ და ნაპოლიმ ამით უნდა ისარგებლოს".
ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ პირველი შეხვედრა დიეგო მარადონას სტადიონზე გაიმართა და ფრედ, 1:1 დასრულდა. საპასუხო მატჩს 12 მარტს, კატალონიაში ვიხილავთ და შეხვედრა საქართველოს დროით 23:55 საათიდან გაიმართება.