„მისი ეფექტურობა ძალიან მახარებს“ - მეცის მწვრთნელი მიქაუტაძეზე
საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ საკუთარ მოედანზე „კლერმონს“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. სტუმართა კარში ერთადერთი გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა, რომელმაც 31-ე წუთზე პენალტი გამოიყენა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ „მეცის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლასლო ბოლონიმ განვლილი მატჩი შეაფასა და გიორგი მიქაუტაძის შესახებაც ისაუბრა.
რა თქვა ბოლონიმ:
ძალიან მნიშვნელოვანია ზედიზედ ორ შეხვედრაში გამარჯვება. იმედია ეს მოგება უფრო მეტ გამბედაობას და თავდაჯერებულობას მოგვცემს. „კლერმონთან“ მძიმე მატჩი იყო, მართალია დიდი სპექტაკლი არ გვინახავს, მაგრამ დავინახეთ ორი მებრძოლი გუნდი, რომელსაც ჩემპიონატში რთული მდგომარეობა აქვს. ამ სეზონში სახლში უკეთ ვთამაშობთ, მაგრამ ბევრჯერ დამსახურებული ქულა ვერ მოვიპოვეთ. ამჯერად პირიქით იყო. ამ შემთხვევაში მხოლოდ შედეგია მნიშვნელოვანი.
ძალიან მიხარია გიორგი მიქაუტაძის ეფექტურობა, თუნდაც ის, რომ პენალტიდან გააქვს. თავდამსხმელისთვის გოლის გატანა მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავდროულად ვისურვებდი, რომ უფრო მეტი შანსი შექმნას. შესაძლოა, ეს უფრო მეტ ფიზიკურობასაც მოითხოვს.
საგულისხმოა, რომ ქართველმა შემტევმა ლიგა 1-ის ზედიზედ მე-3 მატჩში შეძლო გოლის გატანა. გიორგი მიქაუტაძეს საერთო ჯამში ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.
„მეცი“ ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 25 ტურის შემდეგ 23 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზე იმყოფება. ლასლო ბოლონის გუნდი მომდევნო შეხვედრას 17 მარტს, სტუმრად „რეიმსთან“ გამართავს.