ქვილითაიას ლამაზი გოლი | აპოელი მთავარ კონკურენტთან დამარცხდა
კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის 29-ე ტურში გიორგი ქვილითაიას და ლაშა დვალის „აპოელი“ სტუმრად უშუალო კონკურენტ „არისს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 2:1 დამარცხდა.
ქართველი ფეხბურთელები ნიქოზიელთა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. დვალმა შეუცვლელად ითამაშა, ქვილითაია კი მე-80 წუთზე შეცვალეს.
ანგარიში მასპინძლებმა 23-ე წუთზე გომისის გოლით გახსნეს, 32-ე წუთზე კი მაიამბელამ უპირატესობა ორბურთამდე გაზარდა. 42-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა მოედნიდან „აპოელის“ მცველი, პეტროვიჩი გააძევა, რამაც სტუმრები გამოუვალ სიტუაციაში ჩააგდო.
ამის მიუხედავად, „აპოელმა“ ერთი ბურთის გაქვითვა მაინც შეძლო. 63-ე წუთზე გიორგი ქვილითაიამ ბრწყინვალე მოქმედებით სივრცე გამოითავისუფლა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილს გოლის გატანა არ გასჭირვებია.
დარჩენილ დროში ნიქოზიელებმა მატჩის გადარჩენა ვეღარ შეძლეს და მიმდინარე სეზონში მე-4 წაგება გაიფორმეს. 29 ტურის შემდეგ „აპოელი“ კვიპროსის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში კვლავ პირველ ადგილზე იმყოფება და მეორეადგილოსან „არისს“ 3 ქულით უსწრებს.