კრისტალბეთ ეროვნული ლიგა: დინამომ კლასიკო მოიგო, იბერია 1999 სამტრედიას დაუზავდა
დღეიდან სტარტი აიღო „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მესამე ტურის შეხვედრებმა. ტურის გამხსნელი მატჩი თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გაიმართა, რომელშიც „იბერია 1999“-მა „სამტრედიას“ უმასპინძლა და ფრედ, 2:2 ითამაშა.
ანგარიში 21-ე წუთზე შოთა ნონიკაშვილმა გახსნა, 37-ე წუთზე კი ომრან ჰაიდარმა წონასწორობა აღადგინა. მეორე ნახევარში, 63-ე წუთზე შეიკნე სილამ გამოიჩინა თავი და „იბერია 1999“ კიდევ ერთხელ დაწინაურდა, თუმცა, 76-ე წუთზე დიტო ფაჩულიამ ეფექტური შორეული გასროლით შეძლო ანგარიშის გათანაბრება და საბოლოოდ მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.
3 ტურის შემდეგ „იბერია 1999-“ სატურნირო ცხრილში 7 ქულით გალიდერდა, თუმცა, თბილისური კლუბის კონკურენტებს თავისი შეხვედრები გასამართი აქვთ, „სამტრედია“ კი 2 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება.
დღის მეორე მატჩი და ალბათ ტურის ცენტრალური შეხვედრა „დინამო“ არენაზე შედგა. ქართულ „ელ კლასიკოდ“ წოდებულ მატჩში ერთმანეთს თბილისის „დინამო“ და ქუთაისის „ტორპედო“ დაუპირისპირდნენ და თბილისელმა ფეხბურთელებმა მინიმალური სხვაობით, 1:0 მოიგეს.
ქუთაისური გუნდის კარში ერთადერთი გოლი 33-ე წუთზე, 16 წლის ვახტანგ სალიამ გაიტანა და თავის გუნდს პრინციპულ მატჩში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.
3 ტურის შემდეგ „დინამო“ „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ სატურნირო ცხრილში 6 ქულით მე-4 პოზიციაზე იმყოფება, „ტორპედო“ კი 3 ქულით მე-6 ადგილს იკავებს.
მე-3 ტურის დარჩენილი სამი მატჩი ხვალ გაიმართება. 15:00 საათზე „კოლხეთი 1913“ „გაგრას“ უმასპინძლებს, გორის „დილა“ საკუთარ მოედანზე „თელავს“ დაუპირისპირდება, ბათუმის „დინამო“ კი თავის არენაზე „სამგურალს“ მიიღებს.