მილანი, ხვიჩა კვარაცხელია, კახა კალაძე
Aa
Aa

მილანი და რეალი, ასეთ დონეზე თამაშს იმსახურებს - კალაძემ კვარაზე ისაუბრა

ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ იტალიურ Gazzetta-სთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. კალაძის აზრით, ხვიჩა ისეთ გუნდში უნდა გადავიდეს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია. კალაძე ასეთ გუნდებად „რეალსა’’ და „მილანს’’ ასახელებს.

კალაძე: „მსურს კვარაცხელია ტოპ კლუბში ვნახო. ისეთ გუნდში, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია, რადგან სწორედ ეს არის მისი დონე. ასეთი გუნდებია „რეალი’’ და „მილანი’’, ასეთ გუნდებში თამაშს იმსახურებს. „მილანს’’ მისი გაფორმება შეეძლო’’.

კახა კალაძემ შინაარსობრივად ანალოგიური ტიპის კომენტარი მიმდინარე კვირაში სერია A-ს ოფიციალურ იუთუბ არხთან გააკეთა: „ხვიჩა ძალიან კარგი ბიჭია. მის მამასთან, ბადრისთან ხშირად ვსაუბრობ და ის უნიკალური ადამიანია. ნაპოლიში გადასვლამდე, ნეაპოლური კლუბის ხელმძღვანელებთან კონტაქტი მქონდა და მათ კვარაცხელიას შესახებ მოვუყევი. ვეცადე, გაეგოთ, რა საოცარ ადამიანთან ჰქონდათ საქმე და გარკვეული პერიოდის შემდეგ, დამირეკეს და მადლობა გადამიხადეს. კვარა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. უამრავი ბავშვი, რომლებიც ფეხბურთელობაზე ოცნებობენ, მას მისაბაძ მაგალითად აღიქვამენ და ხვიჩა ჩვენი ეროვნული გუნდის საკვანძო მოთამაშეა. ვუსურვებ, რომ უფრო ცნობილ კლუბში გადავიდეს. იმედი მაქვს, ჩემპიონთა ლიგას მოიგებს და ოცნებებს რეალობად იქცევს“.

2021 წლის აპრილში, როცა ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის „რუბინში'' თამაშობდა, კახა კალაძემ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ „მილანს'' ქართველი ტალანტის შეძენა სურდა. 

2021 წლის 24 აპრილს კახა კალაძემ 1TV-სთან თქვა :,,ახლა ბევრი მითქმა-მოთქმაა იმასთან დაკავშირებით, რა სურს ამა თუ იმ კლუბს. მე პირადად მქონდა მალდინისთან საუბარი, ასევე ჯენარო გატუზოსთან. ''ნაპოლის“ მის ყიდვასთან დაკავშირებით დიდი ინტერესი ჰქონდა. ეს ადამიანები ჩემი მეგობრები არიან და ჩემი აზრით დაინტერესდნენ. მე როგორც გულშემატკივარი, ვისურვებდი, რომ ისეთ კლუბთან გააფორმოს კონტრაქტი, სადაც უფრო მეტ თამაშს შეძლებს, რადგან ძალიან ახალგაზრდაა. მერე უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება, რომ ძლიერ გუნდში გადავიდეს. ჩემთვის ასეთი კიევის „დინამო“ იყო, სადაც გამოსვლამ „მილანში“ გადასვლა ძალიან გამიადვილა. ხვიჩას წარმატებას ვუსურვებ. ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს, რომ ვარსკვლავი გახდეს''.

CorriereMezzogiorno-ს ბოლო ნომერში ხვიჩა კვარაცხელიას მომავალია განხილული. იტალიური გაზეთი „ნაპოლის“ პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის გეგმებზე წერს და ასახელებს თანხას, რომელსაც „პარტენოპეი“ „კვარას“ სანაცვლოდ მოითხოვს. CorriereMezzogiorno-ს მიხედვით, დე ლაურენტისი აპირებს, „ნაპოლის“ მომავალი 23 წლის გარემარბის გარშემო ააწყოს. ნეაპოლური კლუბის მიზანია, ნიჭიერი ფეხბურთელი არ დაკარგოს და აქტიურად ცდილობს, მასთან შეთანხმებასა და ხელშეკრულების გახანგრძლივებას. იტალიური გაზეთის ცნობით, „ნაპოლი“ ქართველ ვარსკვლავს 150 მილიონი ევროს ფარგლებში აფასებს. მხარეებს შორის მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში დაიწყება და ახალ კონტრაქტთან ერთად, საუბარი ხელფასის გაზრდას შეეხება.

უცხოური გამოცემები ირწმუნებიან, რომ „კვარას“ წარმომადგენლები ხელფასის სახით, 4 მილიონ ევროს მოითხოვენ, რასაც ბონუსები დაემატება. ახლანდელი ხელშეკრულებით, რომელიც 2027 წლის ივნისამდეა გათვლილი, ქართველი ფეხბურთელის ხელფასი სეზონში 1.5 მილიონი ევროა და „ნაპოლის“ ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი მოთამაშეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები