ლილარდმა მილერს გაუსწრო - მილუოკის კალათბურთელზე წინ მხოლოდ სამი მოთამაშეა
„მილუოკის“ ერთ-ერთი ლიდერი დემიენ ლილარდი ზუსტი სამქულიანების რაოდენობით NBA-ს ყველა დროის რეკორდსმენებს შორის მეოთხე ადგილზე გადავიდა. „ბაქსის“ კალათბურთელს „ლეიკერსთან“ მატჩის შემდეგ პერიმეტრიდან სროლების შედეგად 2562 ქულა დაუგროვდა და „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ ხუთგზის მონაწილეს, რეჯი მილერს (2560) აჯობა.
ლილარდზე წინ ახლა მხოლოდ სამი კალათბურთელია - ბუნებრივია ყველა დროის რეკორდსმენი „გოლდენ სტეიტის“ ლიდერი სტეფ კარი (3680 ქულა) გახლავთ, მეორე-მესამე ადგილებზე კი რეი ალენი (2973) და ჯეიმს ჰარდენი (2910) იმყოფებიან.
„ლეიკერსთან“ შეხვედრა „მილუოკიმ“ 122-123 წააგო, ლილარდმა კი მატჩი ორმაგი დუბლით დაასრულა - მის ანგარიშზე 38 წუთში 28 ქულა, 12 შედეგიანი გადაცემა და 5 მოხსნაა. 41 მოგებითა და 23 წაგებით „ბაქსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა.