თუ ოსიმენი წავა, კვარა დარჩება - დე ლაურენტისი ორივე ლიდერს არ გაუშვებს
იტალიის სპორტულ პრესაში „ნაპოლის“ წამყვანი ფეხბურთელების, ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის გარშემო მთელი წლის განმავლობაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდებოდა. ბოლო პერიოდში კი, როდესაც ორივემ ძველი ფორმა აღიდგინა, მედიის წარმომადგენლები კიდევ უფრო გააქტიურდნენ.
Tuttomercato-ს ცნობით, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ელოდება, როდის გაასაჯაროებს ოსიმენი საკუთარ გადაწყვეტილებას. თუ ნიგერიელი ფორვარდი წასვლას გადაწყვეტს, მაშინ „ნაპოლი“ კვარაცხელიას აგენტთან მოლაპარაკებებს დაიწყებს ახალი გაუმჯობესებული კონტრაქტის თაობაზე, რომლის მიხედვითაც ქართველის ხელფასი 4 მილიონ ევრომდე უნდა გაიზარდოს.
სერია A-ს შარშანდელი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელისა და ბომბარდირის ტრანსფერით წამყვანი ევროპული კლუბები ინტერესდებიან და მათმა ფასმა ბოლოდროინდელი შედეგიანი თამაშის ფონზე, კიდევ უფრო მოიმატა. ოსიმენს ხელშეკრულებაში გამოსასყიდ თანხად 130 მილიონი უწერია, კვარაცხელიას კი როგორც ამბობენ დე ლაურენტისი 150 მილიონზე ნაკლებად არ შეელევა.
მიმდინარე სერია ა-ში ოსიმენი 11 გოლით „ნაპოლის“ საუკეთესო ბომბარდირია, თუმცა კვარაცხელიას ანგარიშზე უკვე 10 გოლი და 4 საგოლე პასია და პარტენოპეის ფეხბუთელებიდან ყველაზე მეტ გოლში სწორედ მას აქვს მონაწილეობა მიღებული.