კალცონა: კვარა განსაკუთრებული ფეხბურთელია, მას ბოლომდე ვენდობი
„ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატის 28-ე ტურში საკუთარ სტადიონზე „ტორინოსთან“ ფრედ 1-1 ითამაშა, ერთადერთი გოლის ავტორი კი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, რომელმაც ზედიზედ მესამედ, მიმდინარე სერია A-ში კი მეათედ გაიტანა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მასპინძლების მთავარი მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა საბოლოო შედეგით ბუნებრივია უკმაყოფილო იყო, თუმცა 23 წლის ქართველი ფეხბურთელის უმაღლეს დონეზე თამაშს ხაზი მაინც გაუსვა
რა თქვა კალცონამ
ხვიჩა განსაკუთრებული ფეხბურთელია და მას ბოლომდე ვენდობი. ყოველთვის ყურადღებით მისმენს და ასი პროცენტით ასრულებს ჩემს დავალებებს. რისი ბრალია წარუმატებლობა? გოლს თითქმის ყველა შეხვედრაში ვუშვებთ, რაც ფეხბურთელებსაც ვუთხარი, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ისინი თამაშის ხარისხს ტურიდან ტურამდე აუმჯობესებენ. ახლა ბარსელონაში გავემგზავრებით და ვეცდებით უძლიერესი მეტოქის წინააღმდეგ ჩვენი თამაში ვითამაშოთ
ოცდარვა თამაშის შემდეგ „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატში 44 ქულით მეშვიდე ადგილზეა. „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრას კი ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები სამშაბათს, 12 მარტს გამართავენ.