„მართლა მანქანაა“ | როგორ გამოეხმაურნენ მერაბის მიერ წონის დაფიქსირებას
UFC-ის მომდევნო ღონისძიებას კვირას დილით ვიხილავთ და მისი მთავარი მოვლენა სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბია, რომელშიც შონ ომალი მარლონ „ჩიტო“ ვერას დაუპირისპირდება. აღნიშნული ბრძოლა მერაბ დვალიშვილმა დააზღვია და ომალის ან ვერას წონა რომ ვერ ჩაებარებინათ, ოქტაგონზე „მანქანას“ ვიხილავდით.
ბუნებრივია, ჩხუბში მონაწილეობის მისაღებად საჩემპიონო წონა დვალიშვილსაც უნდა დაეფიქსირებინა და მერაბისთვის ეს პრობლემა არ ყოფილა. „მანქანა“ ასაწონად მალევე გავიდა და 61.2 კგ (135 გირვანქა, საჩემპიონო ბრძოლის ლიმიტი) დააფიქსირა. მერაბი ჰენრი სეხუდოსთან ჩხუბის დროსაც, რომელიც 18 თებერვალს გაიმართა, 61.2 კილოგრამს იწონიდა და მის მიერ საჩემპიონო წონის მეორედ, თანაც ასეთი მოკლე პაუზის შემდეგ, დაფიქსირება უყურადღებოდ არ დარჩენილა.
Merab Dvalishvili weighs in as the backup fighter for the #UFC299 main event ⚖️ pic.twitter.com/y9MTkSR3AG
— MMA Fighting (@MMAFighting) March 8, 2024
„მერაბ დვალიშვილმა წონა ჩააბარა და საჩემპიონო წონა დააფიქსირა. ეს ბოლო ორ კვირაში მეორედ გააკეთა და თან, სახეზე ღიმილი ჰქონდა. ეს ბიჭი მართლა მანქანაა“, - წერს ცნობილი გამოცემის, Cageside Press-ის „ტვიტერის“ გვერდი.
„მერაბი რაღაც სხვაა. UFC 298-დან ორი კვირის შემდეგ, დვალიშვილმა, დამზღვევი მებრძოლის სტატუსით, წონა დააფიქსირა“, - აცხადებს ESPN-ის ჟურნალისტი, ხოსე მესა კორალესი.
„ყველაზე სასიამოვნო მანიაკი MMA-ში“, - ამბობს ცნობილი ჟურნალისტი, ლუკ ტომასი.
ცნობისთვის, ომალიმ და ვერამ წონა დააფიქსირეს და „მანქანა“ საჩემპიონო ბრძოლას ვერ მიიღებს, თუმცა, ის ფაქტი, რომ ასეთ მცირე პერიოდში წონა 2-ჯერ ჩააბარა, ნამდვილად შთამბეჭდავია.