კალაძე: მილანში გადასვლამდე რუმენიგეს ბაიერნში ტრანსფერზე შევუთანხმდი
„მილანის’’ ყოფილმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ Radio Serie A-სთან ინტერვიუში კიევის „დინამოდან’’ „მილანში’’ გადასვლის პერიოდი გაიხსენა. კალაძის თქმით, „მილანში’’ ტრანსფერამდე „ბაიერნს’’ შეუთანხმდა, თუმცა შემდეგ ვითარება შეიცვალა და ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი იტალიურ გრანდში გაყიდეს.
კახა კალაძე:„მილანში’’ გადასვლამდე „ბაიერნი’’ მესაუბრა. მიუნხენში კარლ-ჰაინც რუმენიგესთან („ბაიერნის'' ვიცე-პრეზიდენტი) მოსალაპარაკებლად ჩავედი, კონტრაქტი უნდა გამეფორმებინა. რუმენიგესთან ყველაფერზე შევთანხმდით, მხოლოდ ფორმალური მხარე იყო მოსაგვარებელი.
როცა კიევში დავბრუნდი, მოსკოვში ტურნირზე გავემგზავრეთ. რეზო ჭოხონელიძე („მილანის'' ყოფილი სელექციონერი) მოვიდა და მითხრა, რომ მილანში უნდა წავსულიყავით და კონტრაქტი გაგვეფორმებინა. შემდეგ კიევის „დინამოს’’ პრეზიდენტს ვესაუბრე, რომელმაც მითხრა რომ „მილანთან’’ შეთანხმება შემდგარი იყო, ადრიანო გალიანი (ვიცე-პრეზიდენტი) მილანში მელოდებოდა. მილანში წავედით და 5-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე. ბედნიერი ვარ რომ „მილანისთვის'' ვითამაშე ისტორიის მნიშვნელოვან მონაკვეთში''.
2001 წლის იანვარში კალაძე კიევის „დინამოდან'' „მილანში'' 16 მილიონ ევროდ გადავიდა.
ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი ''მილანში'' 2001-10 წლებში თამაშობდა, ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო (2002-03, 2006-07), სკუდეტო - ერთხელ (2003-04). ასევე, იტალიის სუპერთასის (2004), მსოფლიოს საკლუბო გათამაშებისა (2007) და ევროპის სუპერთასის (2003, 2007) გამარჯვებულია.