ვაკო გვილია, პიასტ გლივიცე
Aa
Aa

18-თვიანი პაუზა - გვილიამ კონტრაქტი პოლონურ კლუბთან გააფორმა

„ლეგიას’’ ყოფილი ფეხბურთელი ვაკო გვილია კარიერას პოლონურ „პიასტ გლივიცეში’’ გააგრძელებს. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, მხარეებმა კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმეს.

„პოლონეთში ბევრი მატჩი ჩამიტარებია. მსურს ჩემი გამოცდილებით „პიასტ გლივიცეს’’ პოლონეთის თასზე დავეხმარო, მაგრამ ჩემპიონატის მატჩების მოგებაც მნიშვნელოვანია’’ - აღნიშნა ვაკო გვილიამ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში.

ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ: „პიასტ გლივიცეს'' პრეზიდენი გჟეგოჟ ბედნარსკი, ვაკო გვილია და კლუბის სპორტული დირექტორი ბოგდან ვილკი.

„პიასტ გლივიცეს’’ მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ ვუკოვიჩია, რომელიც ქართველ ნახევარმცველს „ლეგიაში’’ წვრთნიდა. სერბ მწვრთნელთან მუშაობისას ვაკო გვილიამ „ლეგიაში’’ 51 მატჩში 10 გოლი შეაგდო და 10 საგოლე პასი შეასრულა.

გვილია ზაბჟეს „გურნიკში'' (2019), ვარშავის „ლეგიასა'' (2019-21) და „რაკუვში'' (2021-23) თამაშობდა, საერთო ჯამში პოლონეთის ექსტრაკლასაში 93 მატჩში 9 გოლი შეაგდო და 11 საგოლე პასი შეასრულა. მას ასევე უთამაშია ზაპოროჟიეს „მეტალურგში'' (2014-15), „მინსკში'' (2016), ბორისოვის „ბატესა'' (2016-17) და „ლუცერნში'' (2018).

29 წლის გვილიამ ბოლო ოფიციალური მატჩი 2022 წლის 25 აგვისტოს პრაღის „სლავიასთან’’ ჩაატარა, როცა „რაკუვში’’ თამაშობდა. შემდგომში ტრავმირებული იყო, ფორმიდან „ამოვარდა’’ და პაუზა დაახლოებით 18-თვიანი გამოვიდა.„რაკუვს'' ოფიციალურად 2023 წლის იანვარში დაემშვიდობა, შემდეგ გარკვეული დრო „ლეგიაში'' ვარჯიშობდა, გასულ ზამთარში ბრატისლავას „სლოვანთან'' ერთად შეკრებაზე იმყოფებოდა, საბოლოოდ კი კონტრაქტი „პიასტ გლივიცესთან'' გააფორმა.

18-გუნდიან ექსტრაკლასაში „პიასტ გლივიცე'' 25 ქულით მე-14 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 3 ქულით უსწრებს. ექსტრაკლასას მომდევნო ტურში „პიასტ გლივიცე'' „რადომიაკ რადომს'' მიიღებს (8 მარტი, 21:00). რაც შეეხება პოლონეთის თასს, ნახევარფინალის ერთმატჩიანი დაპირისპირებაში კრაკოვის „ვისლას'' ესტუმრება (3 აპრილი, 19:30).

მთავარ ფოტოზე: ალექსანდრ ვუკოვიჩი და ვაკო გვილია „ლეგიაში'' მუშაობისას

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები