შენგელია 15 ქულით და კარგი თამაშით დაბრუნდა | ვირტუს ბოლონიამ საბერძნეთში წააგო
თორნიკე შენგელია პარკეტს დაუბრუნდა. 29 თებერვალს, „ვირტუს ბოლონიას“ კალათბურთელმა კოჭის დაზიანება მიიღო, მაგრამ ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და მხოლოდ 1 თამაში გამოტოვება მოუწია.
შენგელიამ „ოლიმპიაკოსთან“ სტუმრად გამართულ შეხვერაში იასპარეზა, რომელიც მისმა გუნდმა 69:74 წააგო. „ვირტუს ბოლონიას“ მარცხი კატასტროფულმა მესამე პერიოდმა განაპირობა. იტალიელებმა პირველი ტაიმი 9 ქულით მოიგეს, მაგრამ მესამე მეოთხედი 5:20 დათმეს და „ოლიმპიაკოსმა“ საქმე ბოლომდე მიიყვანა.
SCONFITTA ❌
— Virtus Segafredo Bologna (@VirtusSegafredo) March 7, 2024
La Virtus paga un terzo quarto difficile ma resta comunque in partita fino alla fine
???? Shengelia 15, Hackett 10, Belinelli 10, Mickey 7, Pajola 6, Lundberg 6, Dobric 5, Zizic 4, Abass 4, Dunston 2#AmarsiAncora pic.twitter.com/0KtRAeRCoB
შენგელიამ პარკეტზე 28 წუთი და 13 წამი გაატარა და მის ანგარიშზე 15 ქულა, 6 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა იყო. თორნიკემ 10-დან 6 ორქულიანი გამოიყენა, 1 სამიანი გააფუჭა და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. „ვირტუს ბოლონიას“ რიგებში მასზე მეტი ქულა არავის ჰქონია და შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 22 გახლდათ.
ცნობისთვის, „ვირტუს ბოლონიას“ 17 მოგება და 11 წაგება აქვს და ევროლიგის სატურნირო ცხრილის მე-7 ადგილამდე დაქვეითდა. იტალიური კლუბი მომდევნო შეხვედრას 10 მარტს გამართავს და „ოლიმპია მილანოს“ დაუპირისპირდება.