„ნაპოლისთან თამაშის მიზერული შანსი აქვს“ - ტურინული მედია საზონოვზე
ხვალ, სერია A-ს მორიგ ტურში ერთმანეთს ქართველების გუნდები, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ და საბა საზონოვის „ტორინო“ დაუპირისპირდებიან.
ხვიჩა კვარახელია თითქმის 100%-ით ნეაპოლელთა სასტარტო შემადგენლობაში იქნება, თუმცა, საბა საზონოვს ძირითად თერთმეტეულში თამაშის დაწყების მიზერული შანსი აქვს. ამასთან დაკავშირებით ტურინული სააგენტო Toro.it-ი წერს და აღნიშნავს, რომ ტრავმიდან ბუონჯორნოს დაბრუნების შემდეგ, ქართველი ფეხბურთელის თამაშის შანსებიც შემცირდება.
რა წერია TORO.IT-ის სტატიაში:
ახლა, როდესაც ალესანდრო ბუონჯორნო დაბრუნდა და სრული დატვირთვით ვარჯიში დაიწყო, საბა საზოვისთვის და მატეო ლოვატოსთვის თამაშის შანსიც მცირდება. „ტორინოს“ დაცვის ხაზში პრობლემების დროს თავის გამოჩენის შესაძლებლობა ორივე მათგანს მიეცა, თუმცა, სხვაობა საკმაოდ შესამჩნევი იყო. ივან იურიჩი მათ კიდევ ერთხელ გამოიყენებს, თუმცა, არა ამ ეტაპზე.
საზონოვი „სალერნიტანასთან“ სასტარტოში იყო და თამაში კარგად დაიწყო, თუმცა, მოგვიანებით პოზიციურად რამდენიმე შეცდომა დაუშვა. ეს მატჩი საბოლოოდ 0:0 დასრულდა. შემდეგ შეხვედრაში, რომელიც „ტორინოს“ „რომასთან“ ჰქონდა, იურიჩმა სასტარტოში ლოვატო დააყენა, თუმცა, მე-14 წუთზე ტრავმა მიიღო და მის მაგივრად მოედანზე საზონოვი გავიდა. პირველივე ტაიმში მან პენალტი „აიკიდა“, რაც გამოუცდელობის ბრალი იყო, თუმცა, შრომისმოყვარეობისა და თავდაუზოგავი შრომის შედეგად, მას გაზრდა შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში, ტურინში გამართული შეხვედრა „ტორინომ“ 3:0 მოიგო, საბა საზონოვი კი მოედანზე მეორე ტაიმში, 76-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც ანგარიში 3:0 იყო. საერთო ჯამში, ქართველმა მცველმა „ტორინოს“ მაისურით მიმდინარე სეზონში 10 მატჩი ჩაატარა.
ამ დროისთვის, ტურინელები სერია A-ს სატურნირო ცხრილში 37 ქულით მე-10 პოზიციაზე არიან, „ნაპოლი“ კი 43 ქულით მე-7 ადგილს იკავებს. ხვალინდელი შეხვედრა საქართველოს დროით 23:45 საათზე დაიწყება.