„დრიბლინგებში უფრო თავდაჯერებულია“ - დი კანიო ხვიჩაზე
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა და „ლაციოს“ ყოფილმა ფორვარდმა, პაოლო დი კანიომ Sky Sport-თან „ნაპოლისა“ და „იუვენტუსის“ მატჩზე ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიას თამაშიც შეაფასა.
რას ამბობს დი კანიო:
კვარაცხელია დღეს დრიბლინგებში უფრო თავდაჯერებულია, კაცს რომც ვერ გაცდეს, ჯარიმას მაინც გამოიმუშავებს და მეტოქის ფეხბურთელებს ყვითელ ბარათს აღებინებს. მომეწონა ტრაორეს თამაშიც. რამდენიმე ეპიზოდში პატარა შეცდომა დაუშვა, მაგრამ საერთო ჯამში ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ის „ნაპოლიში“ დიდი ხნის განმავლობაში თამაშობს. ანგისაზე ვიტყვი, რომ კიდევ აქვს მოსამატებელი. ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონა“ შეტევაში წავა და სივრცეებს დათმობს, ეს კი კვარაცხელიასთვის და ოსიმენისთვის შანსი იქნება. ჩემპიონთა ლიგაზე მათ თავის გამოჩენის კარგი შესაძლებლობა აქვთ.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ბოლო ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „იუვენტუსი“ 2:1 დაამარცხა. „პარტენოპეის“ მხრიდან გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ და ჯაკომო რასპადორიმ გაიტანეს.
27 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 43 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება. ფრანჩესკო კალცონას გუნდი მომდევნო შეხვედრას 8 მარტს, საკუთარ მოედანზე „ტორინოსთან“ გამართავს, „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი კი 12 მარტს გაიმართება.