„რეალს მსაჯი დაეხმარა, ვინისიუსი უნდა გაეძევებინათ“ - ყოფილი არბიტრი
ჩემპიონთა ლიგის განმაეორებით მერვედფინალურ შეხვედრაში მადრიდის „რეალმა“ „ლაიპციგთან“ ფრედ 1:1 ითამაშა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
შეხვედრის 55-ე წუთზე, როცა ანგარიში 0:0 იყო, ვინისიუს ჟუნიორმა მოედნის ცენტრში „ლაიპციგის“ კაპიტანს ვილი ორბანს უკნიდან უბიძგა და წააქცია, ფეხზე წამომდგარ მეტოქეს კისერში სწვდა და ისევ დააგდო. ამ ეპიზოდში ბრაზილიელმა ყვითელი ბარათი მიიღო, თუმცა ბევრის აზრით, ეს ქმედება წითელ ბარათად უნდა შეფასებულიყო.
ამ მოსაზრებას იზიარებს ლა ლიგისა და FIFA-ს ყოფილი არბიტრი ედუარდო იტურალდე გონსალესი.
„ის შეიძლება გაძევებულიყო... იმიტომ, რომ მან ორბანს მკერდში კი არა, ხელი კისერში დაარტყა. თუ ის ყვითელს იღებს უხეში თამაშისთვის, შემდეგ კი ამას აკეთებს, ეს ორი ბარათია და მისი გაძევება შეიძლებოდა.
დღეს მადრიდელებს მსაჯი დაეხმარათ, რადგან მათ უმცირესობაში მოუწევდათ თამაში! და სწორედ ის, ვინც გოლი გაიტანა, უნდა გაძევებულიყო“,
- განაცხადა იტურალდე გონსალესმა.
ვინისიუსმა ამ მომენტიდან 10 წუთში ანგარიში გახსნა. „რეალმა“ „ლაიპციგს“ ორი მატჩის ჯამში 2:1 მოუგო.