რეალმა ბეწვის ხიდზე გაიარა - ალვარესის რეკორდი ჩემპიონთა ლიგაზე
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ განმეორებით მატჩში მადრიდის „რეალმა“ „ლაიპციგს“ უმასპინძლა და ბეწვის ხიდზე გაიარა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა და „სამეფო კლუბი“ მეოთხედფინალში გავიდა.
პირველ ტაიმში სტუმართა გუნდს ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდა და რამდენიმე სახიფათო მომენტი ჰქონდა. გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა ოპენდას, თუმცა ბურთი კარში ზუსტად ვერ დაარტყა.
უგოლო ტაიმის შემდეგ, „რეალი“ გააქტიურდა. ყველაზე მეტს ვინისიუს ჯუნიორი ცდილობდა და ერთ-ერთი კონტრშეტევის დროს „სამეფო კლუბი“ დააწინაურა. სულ მალე „ლაიპციგმა“ წონასწორობა აღადგინა, თავი ვილი ორბანმა გამოიჩინა.
ამის შემდეგ, გერმანელებს კიდევ რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდათ. ერთ ეპიზოდში დანი ოლმომ ბურთი კარის ძელსაც მოარტყა. საბოლოო ჯამში, „ლაიპციგმა“ გოლი ვეღარ გაიტანა და „რეალი“ შემდეგ ეტაპზე გავიდა.
პარალელურად „მანჩესტერ სიტი“ „კოპენჰაგენს“ მასპინძლობდა. პეპ გუარდიოლას გუნდმა აკანჯის, ალვარესის და ჰოლანდის გოლებით 3:1 მოიგო.
აღსანიშნავია, რომ ხულიან ალვარესმა რეკორდი დაამყარა. არგენტინელი თავდამსხმელი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩში პირველ 10 წუთში გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა.
ცნობისთვის, ამ მომენტისთვის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „რეალისა“ და „სიტის“ გარდა „პარი სენ ჟერმენი“ და მიუნხენის „ბაიერნი“ იმყოფებიან. შემდეგ სათამაშო კვირაში მეოთხედფინალის საგზურისთვის „ნაპოლი“, „ბარსელონა“, „არსენალი“, „პორტუ“, „ატლეტიკო“, „ინტერი“, პსვ და „დორტმუნდი“ იბრძოლებენ.