კრიშტიანუ რონალდუ, ოლე გუნარ სულშერი
Aa
Aa

სულშერი: თადარიგში დარჩენას უკადრისობდა, რონალდუს ტრანსფერი შეცდომა იყო

ოლე გუნარ სულშერმა „მანჩესტერ იუნაიტედში“ რონალდუს დაბრუნების შემდგომი პრობლემები აღწერა.

„გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად მიიღეს. არ გვეგონა, რომ კრიშტიანუ ხელმისაწვდომი იყო და კლუბის შეცვლას აპირებდა. როდესაც გაირკვა, რომ ის იუვენტუსს დატოვებდა, რა თქმა უნდა, მისი შეძენა სხვა კლუბებსაც სურდათ. თუმცა მე ამ შესაძლებლობით აღფრთოვანებული ვიყავი.

იუნაიტედში მკითხეს მსურდა, თუ არა მისი დაბრუნება. მე დავთანხმდი. ის 37 წლის იყო და კვლავ ბომბარდირი გახლდათ. ჩვენ მასთან გამკლავება მოგვიწევდა. საბოლოოდ ეს არც მე და არც კრიშტიანუს არ გამოუვიდა, თუმცა გადაწყვეტილება, რომელიც იმ მომენტში მივიღეთ, სწორი იყო.

მაშინვე დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ განვახორციელებდით ზეწოლას და რა უნდა შეცვლილიყო გუნდში. კრიშტიანუ ენტონი მარსიალისგან განსხვავდება, რომელიც იმ დროს ფორვარდად თამაშობდა, იგივე მეისონ გრინვუდი და მარკუს რაშფორდი. კრიშტიანოს მოსვლით ყველაზე მეტად ედინსონ კავანიმ იზარალა.

რონალდუს ველაპარაკე - მას ოთხიდან სამი მატჩის ჩატარება უნდოდა, რადგან მიხვდა, რომ ასაკი მასაც ემატებოდა. მაგრამ ის მაინც უკმაყოფილო იყო, როცა ერთხელ მაინც თადარიგში რჩებოდა.

გუნდში მასთან თამაშის მხრივ პრობლემა არ ყოფილა. მისი მონაწილეობის გარეშე პრესინგის გამოყენებისას ცოტათი როლები უნდა შეგვეცვალა, რომლებსაც შეჩვეული ვიყავით. რონალდუს გუნდში დაბრუნებამდე, ჩვენ ერთ-ერთ საუკეთესო პრესინგს ვთამაშობდით.

ჩვენ გავუშვით დენ ჯეიმსი, როდესაც კრიშტიანუ ჩამოვიდა. ისინი სხვადასხვა ტიპის მოთამაშეები არიან. ვფიქრობდი, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ასე არ გამოვიდა“,

- განუცხადა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მწვრთნელმა Sky Bet-ს.

რონალდუს გავლენა იუნაიტედზე

კრიშტიანუს გუნდში მისვლის შემდეგ, როგორც Daily Mail-ი წერდა, ყველაზე მეტად ეფექტურობას მარკუს რაშფორდმა მოუკლო, რომელიც იმ მომენტამდე გუნდის ლიდერად ითვლებოდა. ზოგადად, ბრიტანული პრესა აქტიურად წერდა, რომ პორტუგალიელის პერსონამ „მანკუნიანელთა“ ახალგაზრდა კოლექტივს პროგრესში ხელი შეუშალა.

ეს ყველაფერი მწვრთნელის გასაკონტროლებელი იყო, თუმცა როგორც თავად სულშერი აღნიშნავს, მან სიტუაციის გაკონტროლება ვერ შეძლო. საბოლოოდ, გუნდი ჯერ ნორვეგიელმა სპეციალისტმა და შემდეგ რონალდუმაც დატოვა.

2023 წელს სულშერმა რონალდუს ტრანსფერს შეცდომა პირველად The Athletic-თან ინტერვიუში უწოდა.

„როდესაც გყავს გუნდი, გინდა, რომ ყველა ერთი და იგივე მიმართულებით მოძრაობდეს. როცა ყველაფერი ისე არ მიდის, თქვენ უნდა შეგეძლოთ ნახოთ როგორია რამდენიმე მოთამაშე და მათი ეგო.

ეს იყო გადაწყვეტილება, რომელზეც უარის თქმა ძალიან რთული იყო და ვგრძნობდი, რომ ის უნდა მიგვეღო, მაგრამ ეს არასწორი აღმოჩნდა“.

ბოლოს კი გეტყვით, რომ რონალდუ „იუვენტუსის" დატოვების მომენტში კარიერის „მანჩესტერ სიტიში" გაგრძელებასთან ყველაზე ახლოს იყო. როგორც შემდეგში თავადვე აღნიშნა, მას სატელეფონო საუბარი სერ ალექს ფერგიუსონთან ჰქონდა, რომელმაც ტრანსფერზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პასუხი კრიტიკოსებს! - ნაპოლიმ იუვენტუსთან კვარას და რასპადორის გოლებით  მოიგო
პასუხი კრიტიკოსებს! - ნაპოლიმ იუვენტუსთან კვარას და რასპადორის გოლებით მოიგო