„აიაქსის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შენაძენი საფრანგეთში ანათებს“ - ნიდერლანდული მედია მიქაუტაძეზე
 
ცნობილი ნიდერლანდური სპორტული სააგენტო FCUpdate.nl საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ შემტევის, გიორგი მიქაუტაძის შესახებ წერს და მკითხველს საფრანგეთის ლიგა 1-ში მის მიღწევებს აცნობს.
რა წერია სტატიაში:
„აიაქსისთვის“ გასული ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შენაძენი ამსტერდამში ისეთი შეუმჩნეველი იყო, რომ ხალხს საფრანგეთში მისი აქტიურობაც გამოეპარა. „აიაქსმა“ გიორგი მიქაუტაძის სანაცვლოდ 16 მილიონი ევრო გადაიხადა, მაგრამ წარუმატებელი 6 თვის შემდეგ ის მშობლიურ „მეცში“ დაბრუნდა და ცოტა ხნის წინ თვის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.
როდესაც ამსტერდამელებმა მიქაუტაძე იყიდეს, მასზე დიდი იმედები მყარდებოდა, მაგრამ ქართველმა ერთი წუთითაც ვერ გაამართლა. ერედივიზაში, სასტარტო შემადგენლობაში ის მხოლოდ ორჯერ გამოჩნდა, საერთო ჯამში კი 338 წუთი ითამაშა, რომელიც 9 მატჩში გადანაწილდა. შედეგად, იანვრის დასაწყისში ის „მეცში“ იჯარის წესით დაბრუნდა და სასტარტო შემადგენლობაში ადგილი გარანტირებულად მიიღო. შესაძლოა, „მეცს“ რთული სეზონი აქვს, მაგრამ მიქაუტაძემ თამაშის ხალისი დაიბრუნა.
ქართველ შემტევს სასტარტოში ადგილი გარანტირებული აქვს. თავიდან „მეცში“ ადაპტაცია გაუჭირდა, მაგრამ თებერვალში მდგომარეობა შეიცვალა. მიქაუტაძემ გასულ თვეს „ლიონს“ გაუტანა, თუმცა, თავის გუნდს მარცხი ვერ აარიდა, რამდენიმე დღის წინ კი „ნანტის“ წინააღმდეგ გატანილი გოლითა და ასისტით მისმა გუნდმა 2:0 მოიგო. იმის მიუხედავად, რომ „მეცი“ გასავარდნ ზონაში იმყოფება, გუნდის გულშემატკივრები მაინც კმაყოფილნი არიან ქართველის თამაშით და მას თვის საუკეთესო ფეხბურთელადაც ასახელებენ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე „მეცში“ თვის საუკეთესო ფეხბურთელად 2023 წლის აგვისტოშიც დასახელდა, რის შემდეგაც ქართველი ფეხბურთელი „აიაქსში“ გადავიდა. საერთო ჯამში, მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში „მეცის“ მაისურით 10 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. ქართველი ფეხბურთელი ამსტერდამის „აიაქსის“ საკუთრებაა და ფრანგულ კლუბში სეზონის ბოლომდე, იჯარის წესით იმყოფება.