ოფიციალურად | დვალიშვილი ომალი-ვერას ბრძოლის სარეზერვო მებრძოლი იქნება
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქართველი ნომერი, მერაბ დვალიშვილი მაიამიში, შონ ომალისა და „ჩიტო“ ვერას სარეზერვო მებრძოლი იქნება. ინფორმაცია „მანქანას“ მენეჯერმა, ორენ ჰოდაკმა ოფიციალურად დაადასტურა. ჰოდაკი MMA Fighting-ს ესაუბრა და განაცხადა, რომ დვალიშვილი სატიტულო ბრძოლის მისაღებად მზადაა.
მისივე თქმით, ქართველი მებრძოლი მაიამიში დღეს ჩაფრინდება და ბრძოლისთვის ადგილიდან მოემზადება. „მანქანა“ პარასკევს აწონვების ცერემონიაზეც მიიღებს მონაწილეობას და როგორც ორენ ჰოდაკი ამბობს, მერაბს წონის ჩაბარების პრობლემა არ ექნება.
✈️ booked @MerabDvalishvil is headed to Miami tmrw for #UFC299 as the official title fight back up. Let's make it a pink panty night! #MiamiMerab pic.twitter.com/Eg0nwTyRFm
— KOreps (@ko_reps) March 6, 2024
მერაბ დვალიშვილი ბრძოლაში იმ შემთხვევაში მიიღებს მონაწილეობას, თუ შონ ომალი ან „ჩიტო“ ვერა ბრძოლიდან ჩახსნის გადაწყვეტილებას მიიღებს. სხვა შემთხვევაში, დვალიშვილი საჩემპიონო ბრძოლას დაესწრება და პოტენციურ მეტოქეს ადგილიდან დააკვირდება. „ჩიტო“ ვერასა და შონ ომალის საჩემპიონო ბრძოლა 9 მარტს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ „მანქანამ“ რამდენიმე კვირის წინ, UFC-ის ორი წონის ჩემპიონი, ჰენრი სეხუდო მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ორგანიზაციაში ზედიზედ მე-10 გამარჯვება ჩაიწერა. სეხუდოსთან ბრძოლის შემდეგ UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა განაცხადა, რომ მერაბ დვალიშვილი შემდეგში საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებს, მეტოქე კი „ჩიტო“ ვერასა და შონ ომალის შორის გამარჯვებული იქნება.