ხვიჩა კვარაცხელია, ტიაგო მოტა, ენრიკო ფედელე, სებასტიან ფრეი
Aa
Aa

შჩესნის კვარას დარტყმის მოგერიება შეეძლო - სებასტიან ფრეი ხვიჩას გოლზე

„ფიორენტინას’’, „პარმასა’’ და „ინტერის’’ ყოფილმა მეკარემ, სებასტიან ფრეიმ TvPlay-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას მიერ „იუვენტუსთან’’ გატანილ ბრწყინვალე გოლზე ისაუბრა. ფრეი აღნიშნავს, რომ ვოიცეხ შჩესნიმ მოქმედების დაწყება დააგვიანა.

„კვარას გოლისას ვოიცეხ შჩესნის რაღაც უფრო მეტის გაკეთება შეეძლო. საუბარი მეკარის შეცდომაზე გაზვიადებულია, მაგრამ მან მოქმედების დაწყება დააგვიანა. მისი დროული მოქმედების შემთხვევაში დარტყმის მოგერიება შესაძლებელი იყო, მაგრამ მეკარის შეცდომაზე ვერ ვისაუბრებ’’.

ამ გოლზე „პარმას'' ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ფაბიო და პაოლო კანავაროების ყოფილმა აგენტმა ენრიკო ფედელემაც ისაუბრა: „კვარაცხელიას გოლი მეკარის შეცდომის დამსახურებაა, მას ბურთი ძელსა და ხელებს შორის გაუძვრა''.

ფრეის აზრით „ნაპოლისთვის’’ იდეალური მთავარი მწვრთნელი ტიაგო მოტაა, რომლის გაწვრთნილი „ბოლონია’’ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 51 ქულით მე-4 ადგილზეა და მესამეადგილოსან „მილანს’’ 5 ქულით ჩამორჩება.

„ნაპოლის’’ მწვრთნელი? არის მწვრნელი, ვისთვისაც „ნაპოლი’’ იდეალური ადგილია და ეს მწვრთნელი ტიაგო მოტაა. დიდ კლუბში უნდა წავიდეს, ამისთვის მზადაა, კარგი პიროვნული თვისებები აქვს’’.

შეგახსენებთ, გასულ სეზონში მოგებული სკუდეტოს შემდეგ აურელიო დე ლაურენტისმა საკადრო ცვლილებების კუთხით უამრავი შეცდომა დაუშვა, მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი და სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი კლუბიდან გაუშვა, სპალეტი რუდი გარსიამ შეცვალა, რომლის ხელმძღვანელობით „აძურიმ'' სეზონი არასტაბილურად დაიწყო, გარსიას მოხსნას ვალტერ მაცარის დანიშვნა მოჰყვა, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე „ბარსელონასთან'' პირველი მატჩის წინ მაცარი ფრანჩესკო კალცონამ შეცვალა. კალცონას ხელმძღვანელობით „ნაპოლიმ'' თამაშის ხარისხი და შედეგი გააუმჯობესა, რასაც ხელი ვიქტორ ოსიმენის დაბრუნებამ შეუწყო. მოკლედ, მწვრთნელთა ხშირი ცვლილებების გამო აქტუალური რჩება კითხვა, თუ ვინ გაწვრთნის „ნაპოლის'' შემდეგ სეზონში.

მიმდინარე სეზონში ხვიჩამ „ნაპოლის“ მაისურით სერია A-ში 25 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. ჩემპიონთა ლიგის 7 მატჩში მის აქტივში 1 საგოლე პასია.

სერია A-ში „აძური'' შემდეგ შეხვედრას 8 მარტს, საკუთარ მოედანზე „ტორინოს“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები