ბორჯღალოსნები | ფინალი პარიზში – პორტუგალიასთან
Aa
Aa

ბორჯღალოსნები | ფინალი პარიზში – პორტუგალიასთან

2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ბორჯღალოსნები 17 მარტს პარიზში, „სტად ჟან ბუინ“-ზე პორტუგალიას ჩვენი დროით 24 საათზე ერკინებიან.

2000 წლის შემდეგ, რაც რაგბი ევროპის ჩემპიონატი დაარსდა, წელს პირველად ფინალური შეხვედრები ერთ დღეს და ერთ ლოკაციაზე ჩატარდება. 17 მარტს „ჟან ბუინზე“ 4 თამაში გაიმართება:

მე-7 ადგილისთვის ბელგია პოლონეთს ეთამაშება; მე-5 ადგილს ნიდერლანდები და გერმანია გაითამაშებენ; მე-3 ადგილისთვის ესპანეთი რუმინეთს ერკინება; დღის კულმინაცია კი საქართველოსა და პორტუგალიის ფინალური ჯახი იქნება.

ბორჯღალოსნებმა ნახევარფინალში რუმინეთი „მიხეილ მესხზე“ უშანსოდ, 43:5 დაამარცხეს. მეორე ნახევარფინალში პორტუგალია ესპანეთს ლისაბონში დაუხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 33:30 მოიგო. სტუმრებმა პირველ ტაიმში ორი ლელო გაიტანეს და 20:13 დაწინაურდნენ, მეორე ტაიმის დასაწყისში კი უპირატესობა ჯარიმით 10 ქულამდე გაზარდეს.

ამის შემდეგ მასპინძლებმა შეძლეს თამაშში გარდატეხის შეტანა და 20 უპასუხო ქულა აიღეს. ესპანეთმა ბოლომდე იბრძოლა და 79-ე წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ გამარჯვების მოსაპოვებლად დრო აღარ დარჩა და პორტუგალიამ 33:30 იმარჯვა.

მეორედ „ჟან ბუინზე“

ბორჯღალოსნები პორტუგალიას „ჟან ბუინზე“ მეორედ შეხვდებიან. პირველად ეს 2020 წელს მოხდა. რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, იმხანად უმაღლეს დონეზე დაბრუნებულმა პორტუგალიამ საქართველოსთან საშინაო მატჩი სწორედ პარიზში, 20-ათასიან „ჟან ბუინზე“ გამართა და ის თამაში ბორჯღალოსნებმა 39:24 მოიგეს.

აღსანიშნავია, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფორმატი შარშან შეიცვალა და პირველი ფინალიც 2023 წელს ესპანეთში, ბადახოსში გაიმართა. საქართველოს მეტოქე მაშინაც პორტუგალია იყო და ჩვენმა გუნდმა მეტოქე პირწმინდად, 38:11 დაამარცხა.

მას შემდეგ პორტუგალიას კიდევ ერთხელ, 2023 წლის მსოფლიო თასზე საფრანგეთში ვეთამაშეთ და ტულუზში ფრეს დავჯერდით – 18:18, რაც მოულოდნელი შედეგი იყო და მას შემდეგ სრულიად ქართული რაგბი რევანშის მოლოდინშია.

დღემდე პორტუგალიასთან სულ 26-ჯერ გვითამაშია და მოვიგეთ 18 შეხვედრა, ფრედ დავასრულეთ 4 და დავთმეთ ამდენივე მატჩი. „ლობუშს“ (პორტუგალიის თიკუნი) ბორჯღალოსნებთან 2005 წლის შემდეგ არ მოუგიათ, თუმცა ოთხივე ფრე ამის შემდეგ დაფიქსირდა, მათ შორის ბოლო ორი 2022 (რაგბი ევროპაზე) და 2023 (მსოფლიო თასზე) წლებში.

რაც შეეხება რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულებს, პორტუგალია ერთადერთია რომელიც განვლილი 24 წლის განმავლობაში საქართველოსა და რუმინეთის დავაში ჩაერია და 2003-2004 წლების სეზონში (2003-2008 წლებში ჩემპიონი ორი სეზონის ჯამით ვლინდებოდა) თასი მოიპოვა. მთლიანობაში საქართველო ტიტულს 15-ჯერ, რუმინეთი კი 5-ჯერ ფლობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცნობილია ხელფასის სახით რა თანხას მოითხოვენ | Gazzetta კვარას კონტრაქტზე
ცნობილია ხელფასის სახით რა თანხას მოითხოვენ | Gazzetta კვარას კონტრაქტზე