სერია A-ში ყველაზე გადამწყვეტი შემტევი | რას ამბობს კარლო ალვინო ხვიჩაზე
„ნაპოლისთან“ დაახლოებულმა ჟურნალისტმა, კარლო ალვინომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ალვინომ ყურადღება „იუვენტუსთან“ მოგებულ შეხვედრაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ „კვარამ“ სერია A-ს ყველაზე გადამწყვეტი შემტევის სტატუსი დაიბრუნა.
„ნაპოლიმ ქულის მოპოვების წყურვილის გამო გაიმარჯვა და ამ მომენტისთვის, ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს ყველაზე გადამწყვეტი შემტევის სტატუსი დაბრუნებული აქვს და ამის ნიშნებიც არსებობს: მამამისის სიტყვები, გოლის აღნიშვნის მომენტი და ის ფაქტი, რომ სხვა კვარას ვხედავთ. ნაპოლიმ ფსიქოლოგიური დამოკიდებულება შეცვალა. ამას ყველა პრობლემა არ მოუგვარებია, მაგრამ კალცონა ჯადოქრის როლს ირგებს“.
ცნობისთვის, კვარაცხელიამ „იუვენტუსს“ გაუტანა, მისმა გუნდმა კი „ბიანკონერი“ 2:1 დაამარცხა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველმა შემტევმა უმაღლესი შეფასება მიიღო და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
ამ მომენტისთვის, ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით სერია A-ში 25 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი გუნდი მომდევნო შეხვედრას 8 მარტს, საკუთარ მოედანზე „ტორინოს“ წინააღმდეგ გამართავს.