„კვარა-ოსიმენის დუეტი დამატებითი ღირებულება უნდა იყოს“ - ემანუელე ჯაკერინი
„ნაპოლის“ და „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ემანუელე ჯაკერინიმ იტალიურ მედიასთან ინტერვიუს დროს „ნაპოლისა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც ფრანჩესკო კალცონას გუნდმა კვარაცხელიასა და რასპადორის გოლებით 2:1 მოიგო. ვეტერანი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, „ბარსელონასთან“ საპასუხო მატჩსაც შეეხო და განაცხადა, რომ „პარტენოპეის“ 1/4 ფინალში გასვლა შეუძლია.
რას ამბობს ჯაკერინი:
„ნაპოლისთვის“ „იუვენტუსთან“ გამარჯვება აუცილებელი იყო. ეს ასევე მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ გუნდს ჩემპიონთა ლიგამდე ტემპი შეენარჩუნებინა.
ოსიმენის გაფუჭებული პენალტი? პენალტის დარტყმა მარტივი არ არის და მოთამაშეები ამით არ უნდა განვსაჯოთ. რასაც ვუყურებ, ოსიმენი გუნდისთვის ძალიან ბევრს აკეთებს და მუდამ ერთზე მეტ მოწინააღმდეგეს იკრავს. ამით კვარამაც ისარგებლა. ეს დუეტი იტალიასა და ევროსარბიელზე „ნაპოლისთვის“ დამატებითი ღირებულება უნდა იყოს.
ზოგადად, ყველა მოთამაშემ წარმატებაში საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღონ და ბოლო თამაშებში ამას ნამდვილად აკეთებენ. „ნაპოლი“ აშკარად უკეთ გამოიყურება, ვიდრე ერთი თვის წინ და ეს პირველ რიგში საქმისადმი დამოკიდებულებით აისახება.
რაც შეეხება „ბარსელონას“, კატალონიელებმა პირველ მატჩში ვერ შეძლეს „ნაპოლისგან“ თავის დაცვა. ლა ლიგის ერთ-ერთ მატჩში, „ჟირონამ“ მათ დაცვაში მნიშვნელოვანი გარღვევა მოახდინა. მე რომ „ნაპოლის“ ადგილას ვიყო, წავიდოდი და ამ მატჩს კიდევ ერთხელ ვნახავდი. „პარტენოპეის“ ნამდვილად შეუძლია „ბარსელონას“ ბარიერის დაძლევა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე, „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ საპასუხო შეხვედრა 12 მარტს, ლუის კომპანისის სტადიონზე გაიმართება. აქვე გეტყვით, რომ გუნდებს შორის დიეგო მარადონას სტადიონზე გამართული პირველი მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.