ბორდო, ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ფლანგის შემტევებს ვერ ვპოულობდით - ფრანგი ჟურნალისტი დავითაშვილს აკრიტიკებს

საფრანგეთის ლიგა 2-ის 27-ე ტურში „როდეზმა’’ შინ „ბორდოსთან’’ 2:2 ითამაშა. ანგარიში მე-18 წუთზე ზურიკო დავითაშვილმა გახსნა, ქართველმა შემტევმა ლიგა 2-ში ბოლო ორ სეზონში 56-ე მატჩში მე-8 გოლი გაიტანა, თუმცა გასვლით შეხვედრაში ეს მისი პირველი გოლია (იხილეთ), ამ მატჩამდე შეგდებული ყველა გოლი საკუთარ მოედანზე ფიქსირდება. ასე რომ, ამ თვალსაზრისით დავითაშვილმა ნავსი გატეხა, თუმცა საერთო ჯამში ამ შეხვედრაში საუკეთესო თვისებები ვერ გამოავლინა, სასურველი ფორმისგან შორსაა.

ფრანგი ჟურნალისტი ჟულიენ ბიი ზურიკო დავითაშვილს თამაშს კრიტიკულად აფასებს. ჟულიენ ბიი თვლის, რომ გატანილი გოლის გარდა ქართველი ფეხბურთელი ინერტული იყო, თამაშზე გავლენას ვერ ახდენდა. ჟულიენ ბიი „ბორდოს'' თამაშებზე მუშაობს და თითქმის ყოველი მატჩის შემდეგ თავის მოსაზრებას აფიქსირებს.

ჟულიენ ბიი: „კარგი დასაწყისი იყო, მე-18 წუთზე ზურიკო დავითაშვილმა ანგარიში გახსნა. ეს მისი მცირედი წარმატება იყო, როცა მეკარემ პოზიციური შეცდომა დაუშვა, ბურთი ფეხებს შორის გაუძვრა. შემდეგ „ბორდო’’ თავის ჩვევებს დაუბრუნდა, რაც გასვლით შეხვედრებში ახასიათებს. ფლანგის შემტევებს ვერ ვპოულობდით, განსაკუთრებით დავითაშვილს, რომელმაც მატჩზე მცირე გავლენა მოახდინა. მასპინძელი გუნდი თავს კარგად იცავდა და შეტევაში გამოსავლის პოვნა გვიჭირდა’’.

ამ სეზონში დავითაშვილმა ლიგა 2-ის 26 შეხვედრაში 3 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა.

20-გუნდიან ლიგა 2-ში „ბორდო'' 36 ქულით მე-13 ადგილზეა, საუკეთესო ხუთეულს 6 ქულით ჩამორჩება, გასავარდნ ზონას 5 ქულით უსწრებს. მომდევნო ტურში გასავარდნ ზონაში მყოფ „რუანს’’ მიიღებს (9 მარტი, 22:00).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები