ერთ-ერთი საუკეთესო იყო - დავითაშვილის გოლი და 94-ე წუთზე გადარჩენილი მატჩი
საფრანგეთის ლიგა 2-ის 27-ე ტურში „როდეზმა’’ შინ „ბორდოსთან’’ 2:2 ითამაშა.
ანგარიში მე-18 წუთზე ზურიკო დავითაშვილმა გახსნა, ქართველმა შემტევმა ლიგა 2-ში ბოლო ორ სეზონში 56-ე მატჩში მე-8 გოლი გაიტანა, თუმცა დღეს პირველად გაიტანა გასვლით შეხვედრაში, ამ მატჩამდე შეგდებული ყველა გოლი საკუთარ მოედანზე ფიქსირდება. ასე რომ, ამ თვალსაზრისით დავითაშვილმა ნავსი გატეხა.
ჟირონდელებმა უპირატესობა პირველივე ტაიმში დათმეს, „როდეზმა’’ თამაში შემოატრიალა და გუნდები შესვენებაზე ამ ანგარიშით გავიდნენ - 2:1.
ჟირონდელთა მთავარმა მწვრთნელმა ალბერტ რიერამ დავითაშვილი 76-ე წუთზე შეცვალა. ამ შეხვედრაში ქართველმა შემტევმა 20-დან 17 პასი ზუსტად შეასრულა, მინდორზე 5-დან 2 ორთაბრძოლა მოიგო, კარისკენ ზუსტად ერთხელ დაარტყა და გაიტანა. მეორე ტაიმში დარტყმის მცდელობა ჰქონდა, თუმცა დაუბლოკეს.
მე-4 დამატებულ წუთზე უკრაინელმა ფორვარდმა დანილო იგნატენკომ გაიტანა და „ბორდო’’ მარცხისგან იხსნა. Sofascore-მა „ბორდოს'' ფეხბურთელთაგან ყველაზე მაღალი შეფასება იგნატენკოს დაუწერა (7,5), დავითაშვილი მას მცირედით ჩამორჩა (7,2). თანაგუნდელთა შორის დავითაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თუმცა ეს შედარებითია, საუკეთესო ფორმაში კვლავ არაა, გატანილი გოლიც მეტწილად მეკარის შეცდომამ განაპირობა, მაღალი დონის მეკარეები ასეთ უხეშ შეცდომას არ უშვებენ.
20-გუნდიან ლიგა 2-ში „ბორდო'' 36 ქულით მე-13 ადგილზეა, საუკეთესო ხუთეულს 6 ქულით ჩამორჩება, გასავარდნ ზონას 5 ქულით უსწრებს. მომდევნო ტურში გასავარდნ ზონაში მყოფ „რუანს’’ მიიღებს (9 მარტი, 22:00).