მოჯი: როცა ოსიმენი მოედანზეა, ხვიჩა უფრო დიდი მოტივაციით თამაშობს
ტურინის „იუვენტუსის’’ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ Radio Radio-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენზე ისაუბრა. მისი აზრით, როცა ნიგერიელი მოედანზეა, კვარაცხელიას სივრცეებს უქმნის, რაც ქართველ ფეხბურთელს საუკეთესო თვისებების გამოვლენის საშუალებას აძლევს.
ლუჩანო მოჯი:„ნაპოლი’’ ოსიმენთან ერთად სხვა გუნდია. კვარაცხელია უფრო დიდი მოტივაციით თამაშობს, როცა მის გვერდით ოსიმენია. ვიქტორის როლი ფუნდამენტურია, რადგან ქმნის სივრცეებს და ამ სივრცეებს კვარაცხელია იყენებს, ასეთმა მოქმედებებმა განაპირობა კვარაცხელიას დუბლი „სასუოლოსთან''.
„სასუოლოსთან’’ გატანილმა ექვსმა გოლმა ნეაპოლელებს თვითშეფასება დაუბრუნა. ასე რომ, ეს მატჩი „იუვენტუსისთვის’’ რთული იქნება. ჩემი აზრით, „ნაპოლი’’ ამ მატჩში მცირედითაა ფავორიტი’’.
გასული წლის დეკემბრიდან მოყოლებული ოსიმენმა სხვადასხვა მიზეზების გამო სერია A-ში ზედიზედ 7 მატჩი გამოტოვა, „პარტენოპეის'' 26-ე ტურში „კალიარისთან'' დაუბრუნდა, ამ მატჩში ნიგერიელმა გოლი გაიტანა და შემდეგ „სასუოლოსთან'' ჰეთ-თრიკი შეასრულა, ოსიმენის ჰეთ-თრიკის გარდა აღსანიშნავია ხვიჩა კვარაცხელიას დუბლი და საგოლე პასი (იხილეთ).
ამ სეზონში ვიქტორ ოსიმენმა სერია A-ს 15 მატჩში 11 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში, ჩემპიონთა ლიგის ხუთ მატჩში მის ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მან სერია A-ს 24 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა, ჩემპიონთა ლიგაზე 7 მატჩი ჩაატარა, „უნიონთან'' ბრწყინვალე საგოლე პასით დაეხმარა გუნდს.
იტალიის ჩემპიონატის 27-ე ტურში მოქმედი ჩემპიონი „ნაპოლი,'' რომელიც ამჟამად მერვე ადგილზეა, მეორეადგილოსან „იუვენტუსს'' მიიღებს, მატჩი 3 მარტს, 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.