კრისტალბეთ ეროვნული ლიგა დაბრუნდა | დინამო ბათუმმა კოლხეთი 1913 დაამარცხა
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ახალი სეზონი ბათუმში გაიხსნა, სადაც მოქმედმა ჩემპიონმა, „დინამო ბათუმმა“ უმაღლეს დივიზიონში აღზევებული „კოლხეთი 1913“ მიიღო. აჭარლებს კარგი სტარტი გამოუვიდათ და მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს - 1:0.
შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-11 წუთზე გავიდა. გიორგი წიტაიშვილის დარტყმა დანილო რიაბენკომ მოიგერია, რის შემდეგაც საჯარიმოში არეულობა შეიქმნა. ამით კარგად ისარგებლა ონორე გომისმა და „დინამო ბათუმი“ დააწინაურა.
აჭარული კლუბი სათამაშო ინიციატივას მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდა, მაგრამ 100-პროცენტიანი მომენტი არც ერთ კართან შექმნილა. საბოლოოდ, მატჩში მხოლოდ ერთი გოლი ვიხილეთ და ანდრეი დემჩენკოს ბიჭებმა სეზონი გამარჯვებით გახსნეს.
ცნობისთვის, ხვალ, 2 მარტს „იბერია 1999“ „თელავს“ დაუპირისპირდება. „დინამო თბილისი“ „სამგურალს“ უმასპინძლებს, ხოლო „ტორპედო“ იმერულ დერბიში „სამტრედიას“ შეხვდება.