„სამი თანაგუნდელი დამინოკაუტა“ | გილბერტ ბერნსის ისტორია ილიაზე
გილბერტ ბერნსი UFC-ის ნახევრად საშუალო წონითი დივიზიონის მებრძოლია, რომელსაც ხორხე მასვიდალის, კამარუ უსმანის, ტაირონ ვუდლის, დემიან მაიას, ნილ მაგნის, ხამზატ ჩიმაევისა და სტივენ ტომპსონის წინააღმდეგ უჩხუბია. ბრაზილიელმა ქართველ მებრძოლზე, ილია თოფურიაზე საინტერესო ისტორია გაიხსენა, რომელიც კარგად აღწერს, „ელ მატადორი“ რამდენად სრულყოფილია.
„ილია სავარჯიშოდ ჩვენს დარბაზში მოვიდა და ჯოშ ემეტთან გასამართი ბრძოლის მოსამზადებელი კემპის ნახევარი ჩვენთან გაატარა. თოფურიამ სამი თანაგუნდელი დამინოკაუტა. უბრალოდ კი არ დააგდო, სამივე მათგანი გათიშა. თან ისე, რომ დიდი ხელთათმანებით ჩხუბობდა.
ილია ფიზიკურად ყველაზე დიდი ან ყველაზე მაღალი ბიჭი არაა, მაგრამ ძალიან გამძლეა. ჭიდაობისთვის განკუთვნილი დღე გვქონდა და მან ტოპ კლასის მოჭიდავეებთან ივარჯიშა. ის ბიჭები დაღესტნიდან იყვნენ და თოფურიამ აჩვენა, რომ ჭიდაობაშიც ძალიან ძლიერია და თეიქდაუნებს კარგად იცავს. წარმოიდგინეთ, დაღესტნელი მოჭიდავე პარტერში გადაიყვანა. ამ ბიჭს ყველაფრის გაკეთება შეუძლია“.
ცნობისთვის, გილბერტ ბერნსი ნახევრად საშუალო წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში მე-4 პოზიციას იკავებს. ბოლოს მან ბელალ მუჰამედის წინააღმდეგ, UFC 288-ზე იჩხუბა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.