ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი, ხაბიბ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

ხაბიბი: „ოქტაგონზე არ დავბრუნდები, ილიას მომდევნო მეტოქე ჰოლოუეი უნდა ყოფილიყო“

UFC-ის დიდების დარბაზის წევრმა და მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა ილია თოფურიაზე ისაუბრა. „არწივმა“ განაცხადა, რომ ოქტაგონზე დაბრუნებას არ აპირებს და დასძინა, რომ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ახალი ჩემპიონის, „ელ მატადორის“ მომდევნო მეტოქე მაქს ჰოლოუეი უნდა ყოფილიყო.

„არ მესმის, UFC-იმ ჯასტინ გეიჯისა და მაქს ჰოლოუეის ჩხუბი რატომ ჩანიშნა (14 აპრილს იჩხუბებენ). ამ ბრძოლას არანაირი აზრი არ აქვს. მიმაჩნია, რომ ჰოლოუეი ილია თოფურიას მომდევნო მეტოქე უნდა ყოფილიყო და მათი ჩხუბი სექტემბერში უნდა გამართულიყო. გეიჯის ისლამ მახაჩევთან უნდა ეჩხუბა, მაისში ან ივნისში.

თუ ჰოლოუეი წააგებს, ილიამ ვისთან უნდა იჩხუბოს? მოვსარ ევლოევთან? მოვსარი საუკეთესო ვარიანტია, მაგრამ არ მგონია, დენა უაითმა მას სატიტულო ბრძოლა მისცეს. ჩემი აზრით, ევლოევი საჩემპიონო ჩხუბს იმსახურებს. არ მესმის, UFC-იმ ისლამს გეიჯისთან ბრძოლა რატომ არ ჩაუნიშნა, თუმცა, მახაჩევი ნებისმიერი მეტოქისთვის მზადაა.

დამირეკეს თუ არა UFC-დან შესაძლო დაბრუნების თაობაზე? ჩემთვის არავის დაურეკავს. ვიცი, რომ ალი აბდელაზიზთან (მისი მენეჯერი) კონტაქტი ჰქონდათ, მაგრამ ერთი წლის წინ, ალის ვუთხარი, რომ ბრძოლის ან ოქტაგონზე დაბრუნების თაობაზე არასდროს დამირეკოს. ეს ჩვენი შეთანხმებაა. ერთხელ ვთქვი და უამრავჯერ გავიმეორე, რომ 2020 წელს ბოლოჯერ ვიჩხუბე“.

შეგახსენებთ, რომ გადაცემაში „ნოესთან“ სტუმრობისას, „ელ მატადორმა“ საოცნებო მეტოქედ ხაბიბ ნურმაგომედოვი დაასახელა. ილიამ აღნიშნა, რომ დაუმარცხებელ „არწივთან“ სიამოვნებით იჩხუბებდა და დასძინა, რომ მასთან გამარჯვებაში 100 პროცენტით დარწმუნებულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Bellator-ის რუსი ჩემპიონის უხამსი პოსტი ილია თოფურიას მისამართით
Bellator-ის რუსი ჩემპიონის უხამსი პოსტი ილია თოფურიას მისამართით